Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას


„ცხელი თავების“ დამშვიდების შემდეგ მავთულხლართები საჭირო ალბათ აღარ იქნება - ამის შესახებ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც შეკითხვა დაუსვეს სამხრეთ ოსეთის საზღვართან ბარიერების აღმართვის შესახებ. სერგეი ლავროვის თქმით, საზღვარი დაცული უნდა იყოს და დარღვევები ორივე მხარემ უნდა აღკვეთოს. ამასთან, ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთი ემხრობა ერთმანეთთან ახლოს მყოფი ყველა ხალხის მშვიდობიან, მეგობრულ და კეთილმეზობლურ თანაცხოვრებას. ამავე პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა აღიაროს ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი რეალობა. ლავროვის თქმით, რუსეთისთვის სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი ახალი სახელმწიფოებია და ამ რეალობის გათვითცნობიერება უკვე დასავლეთმაც დაიწყო, რადგან ჟენევის კონსულტაციებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები საქართველოს, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლების გვერდით სხედან. ლავროვის განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას და იმედი აქვს, რომ დღის წესრიგში დადგება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხიც.
XS
SM
MD
LG