Accessibility links

logo-print

რასმუსენს სჯერა, რომ უკრაინის მოვლენები არ მოახდენს გავლენას საქართველოზე


ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს სჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ მოახდენს გავლენას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. რასმუსენმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოსა და უკრაინას განსხვავებული გზები აქვთ არჩეული: უკრაინას არ სურს ნატოში გაწევრიანება, საქართველოსაგან განსხვავებით. „საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას აქვს ამბიციური მიზანი - ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც საქართველო ბუნებრივია, ეკუთვნის. ამიტომ მჯერა, რომ ახალი მთავრობა ახალ ენერგიასა და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს თანამშრომლობას და ჩვენ მტკიცედ მივდევთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და განვაგრძობთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ნატოს წევრობისაკენ მისწრაფების განხორციელებაში“, განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით, ოთხშაბათს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს ბუქარესტში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
XS
SM
MD
LG