Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი მუქარაში ადანაშაულებს მთავარ პროკურორს


საქართველოს მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მუქარაში ადანაშაულებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გასულ პარასკევს, გვიან ღამით საპატიმროდან გაიყვანეს, ავტომანქანაში თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და, სავარაუდოდ, მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი, რომელმაც ულტიმატუმის ფორმით განუცხადა, რომ თუ პროკურატურას არ დაეხმარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნაში და არ მისცემს მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს, სასჯელაღასრულების დაწესებულებაში მისი პირობები მკვეთრად გაუარესდება და დაუპატიმრებენ მეგობრებს და ნათესავებს. მერაბიშვილის განცხადებითვე, კაბინეტში იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებების გამო საგანგებო ბრიფინგი გამართა ნაციონალურმა მოძრაობამ. მისი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტია მოითხოვს გამოძიების დაწყებას და მის დასრულებამდე მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.
XS
SM
MD
LG