Accessibility links

logo-print

პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას


კიევში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი საქართველოს პარლამენტმა. დღევანდელი სხდომის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, უკრაინაში მოხდა დაპირისპირების და ძალადობის ესკალაცია, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ თავად უკრაინელი, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებსაც. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს მიერ უკვე არაერთხელ გამოხატული პოზიცია სრულიად ცალსახაა. „ქვეყანაში ადამიანის უფლებების და სიცოცხლის დაცვასა და კონსტიტუციის ფარგლებში პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება არჩეულია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი გართულებები და პოლიტიკური საკითხები გადაწყვიტოს შესაბამის დარბაზებში, რათა სიტუაცია არ მივიდეს იქამდე, რომ ხალხი იძულებული გახდეს თვეების განმავლობაში ქუჩიდან, სიცივეში ითხოვდეს უფლებების დაცვას. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატოს თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ. „მანამდე კვლავ მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას, როგორმე მოახერხონ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა ხალხის საკეთილდღეოდ და არა რომელიმე სახელმწიფოს კარნახით, ან რჩევით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ყველა ქვეყანამ ყველა საკითხი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოაგვაროს.
XS
SM
MD
LG