Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახალი ბრალდება წარუდგინეს დავით ახალაიას და კიდევ ორ პირს


სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ახალაიას, ამავე დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს გერონტი ალანიას და დააკავა მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი. მათ ბრალად ედება მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პროკურატურის განმარტებით, 2005 წლის შემოდგომაზე ჩადენილ დანაშაულს წინ უძღოდა ახალაიას და აბულაშვილის სიტყვიერი შელაპარაკება, რის გამოც ვალერიან მეტრეველმა და კიდევ რამდენიმე პირმა ვამეხ აბულაშვილი და მისი მეგობარი კახა დაბრუნდაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და თბილისიდან წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ დავით ახალაია, გერონტი ალანია და ათამდე შეიარაღებული, გამოძიებით დაუდგენელი პირი. პროკურატურის განცხადებითვე, შურისძიების მიზნით, ახალაიამ თანხმლებ პირებთან ერთად აბულაშვილს და დაბრუნდაშვილს სასტიკად სცემა და მოკვლით მუქარისას მათი მიმართულებით ჰაერში გაისროლა. პროკურატურის ცნობითვე, მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში ახალაია აბულაშვილს და დაბრუნდაშვილს მათზე და ოჯახის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. „აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის, ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია და ორივე დანაშაული სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა,“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG