Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს


უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს, გვიან ღამით მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში დაკავებულ პირებს შეეხებათ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიიღო. მმართველი პარტია „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენლის იური მიროშნიჩენკოს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 189 დეპუტატმა რეგიონების პარტიიდან, 32-მა კომუნისტმა და 11-მა დეპუტატმა, რომლებიც არც ერთ ფრაქციას არ ეკუთვნიან, ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. ოპოზიციური ფრაქციები „ბატკივშინა“, „უდარი“ და „სვობოდა“ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მიროშნიჩენკოს სიტყვებით, დოკუმენტში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობა ამნისტიის განსახორციელებლად - გაათავისუფლონ დემონსტრანტებმა მათ მიერ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში კეთრინ ეშტონმა, ოთხშაბათს მოუწოდა მხარეებს „რეალური დიალოგისკენ“. ეშტონის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ის კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა, შოკირებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით: „ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ეშტონმა.
XS
SM
MD
LG