Accessibility links

logo-print

ადვოკატები ითხოვენ ცარნაევის სასამართლო პროცესის გადადებას


ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები, სასამართლო სხდომების გადადებას 2015 წლის სექტემბრისთვის ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ცარნაევის დაცვისა და პროკურორების ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც მათ ბოსტონში ფედერალურ სასამართლოს მიმართეს. ცარნაევის ადვოკატის სიტყვებით, სასამართლო პროცესის დაწყების გადადების მიზეზი საქმეში არსებული ათასობით დოკუმენტია, რომელთა შესწავლაც აუცილებელია. პროკურორები ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი დაახლოებით სამ თვეს გასტანს. იანვრის ბოლოს ამერიკის იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა ცარნაევისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის შეფარდების მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონისას მომხდარი ტერაქტის დროს, დაიღუპა სამი და დაშავდა 250 ადამიანი. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, დანაშაული ჯოხარ ცარნაევმა თავის ძმა ტამერლან ცარნაევთან ერთად ჩაიდინა. ტამერლან ცარნაევი სამართალდამცავებთან შეტაკებისას დაიღუპა. ჯოხარ ცარნაევი კი ბოსტონის გარეუბანში, ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს.
XS
SM
MD
LG