Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ქაბულის მიერ ექსტრემისტების გათავისუფლება „დასანანია“


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქაბულთან ახლოს მდებარე, წარსულში აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ციხიდან ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 65 პირი გათავისუფლდა, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან პროტესტისა. აშშ ამ პირებს უწოდებს „საშიშ“ მებრძოლებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრძოლის ველს დაუბრუნდებიან კოალიციის და ავღანეთის ჯარის ძალების დახოცვის მიზნით. ქაბულში აშშ-ის საელჩო ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში გადაწყვეტილებას „ღრმად დასანანს“ უწოდებს. განცხადების თანახმად, გათავისუფლებულთა ჯგუფი მოიცავს პირებს, რომლებიც „ავღანეთის უსაფრთხოების ძალების, ავღანელი სამოქალაქო პირების, ამერიკის და კოალიციის სხვა წევრების ძალების სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან ამას ხელს უწყობდნენ“. განცხადება ავღანეთის მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგებზე. პატიმართა გათავისუფლების ბრძანება პრეზიდენტმა კარზაიმ გასცა, მტკიცებულებების ნაკლებობის საფუძველზე. კარზაის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონსა და ქაბულს შორის იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ძალები წლის ბოლოს ქვეყნის დასატოვებლად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG