Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ძალადობის გაგრძელება უკრაინისთვის „უშედეგოდ არ ჩაივლის“


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ძალადობის გაგრძელება უკრაინისთვის „უშედეგოდ არ ჩაივლის“. ობამამ უკრაინის სამხედრო ძალები გააფრთხილა არ ჩაერიონ ვითარებაში და განაცხადა, რომ, მისი რწმენით, შექმნილი კრიზისის განმუხტვა სამოქალაქო პირებს შეუძლიათ. დღეს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი იმ ფონზე, როცა ერთი დღით ადრე კიევში მომხდარ შეტაკებებს 26 ადამიანი შეეწირა. გავრცელებულ ბრძანებაში იანუკოვიჩი წერს, რომ დაითხოვა ვლადიმირ ზამანა და მის შემცვლელად იური ილინი დანიშნა. პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ემზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ანტიტერორისტული“ ოპერაციის ჩასატარებლად, ქუჩებში ძალადობის პასუხად. ევროკავშირი და აშშ აცხადებენ, რომ სისხლისღვრის გამო განიხილავენ მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას. ხუთშაბათს კიევში ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ იაკიმენკომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებისგან წაღებულია 1,500-მდე იარაღი და 100,000 ტყვია, რომლებიც „კრიმინალებს“ ჩაუვარდა ხელში. ოფიციალურ პირებს არ განუმარტავთ, რას მოიცავს დაგეგმილი კონტრ-ტერორისტული ოპერაცია. მთავრობის მოკავშირე, რუსეთი, დემონსტრანტებს გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ათასობით დემონსტრანტი რჩება.
XS
SM
MD
LG