Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკის კომიტეტი - კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენისთვის


ბიორნ ენგესლენდი
ბიორნ ენგესლენდი
თბილისში იმყოფებოდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლენდი, რომელმაც ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრები. როგორც ცნობილია, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი სამხრეთ კავკასიაში ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“, რომლის მიზანიც კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში წვლილის შეტანაა. საქართველოდან ამ პროექტში, ქართველების გარდა, აფხაზები და ოსებიც არიან ჩართული. ჰელსინკის კომიტეტი ყოველწლიურ ანგარიშებში ასევე მიმოიხილავს ხოლმე საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, მონიტორინგს უწევს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. იმის შესახებ, თუ როგორ შეფასებას აძლევს კომიტეტის გენერალური მდივანი საქართველოში ამჟამინდელ ვითარებას და რას ელიან პროექტისგან, რომლის სლოგანიცაა „ვაშენოთ ხიდები და არა კედლები“, რადიო თავისუფლება ბიორნ ენგესლენდს გაესაუბრა.

რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, მადლობას გადაგიხდით ჩვენს რადიოში სტუმრობისა და ინტერვიუსათვის. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წლებია მუშაობს საქართველოში, მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ვითარებას, ასევე კონფლიქტურ ზონებში შექმნილ სიტუაციას. ამჯერად რა არის თქვენი სტუმრობის მთავარი მიზანი საქართველოში?

ბიორნ ენგესლენდი: მთავარი მიზანი საქართველოში ჩამოსვლისა ამჯერად ჩვენი ახალი პროექტი და მისი მიმდინარეობაა. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ უკეთესად დავინახოთ, როგორ ხორციელდება პროექტი. მეორე მიზანი, ცხადია, არის ის, რომ შევისწავლოთ, რა ვითარებაა ქვეყანაში. მე თავად საქართველოში ორჯერ ვარ ნამყოფი, ბოლოს - 6-7 წლის წინ, და ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესები, როგორია ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სწორედ ესაა ის მთავარი საკითხები, რაზეც მინდა ვესაუბრო ჩვენს პარტნიორებსაც და იმ ორგანიზაციებსაც, რომელთაც ვხვდებით.

რადიო თავისუფლება: როგორც მივხვდი, პროექტი, რომელზეც ლაპარაკობთ, არის „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ და ამ კოალიციის შექმნა არის ბოლო ეტაპი ამ პროექტში. როგორია თქვენი მოლოდინი ამ პროექტთან დაკავშირებით, რა იქნებოდა ის საუკეთესო შედეგი, რაც გინდათ, რომ მიიღოთ სამი წლის შემდეგ?

ბიორნ ენგესლენდი: ჩვენ, ცხადია, არ ვმოქმედებთ პოლიტიკურ დონეზე, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ. რასაც ვცდილობთ, ეს არის ის, რომ დავამყაროთ კონტაქტი, ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას და, რაც მთავარია, ურთიერთგაგებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც, ტრადიციულად, ოპოზიციურად არიან განწყობილი და ერთმანეთთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პირველი მიზანია, ნდობა აღდგეს და სწორედ ამის საფუძველზე აშენდეს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი საზოგადოება. ჩვენ მსგავს რამეს ვაკეთებდით ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, როდესაც ვმუშაობდით სერბ, ბოსნიელ და ხორვატ ახალგაზრდებთან და, ვფიქრობ, გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ კიდეც, თუნდაც იმ მხრივ, რომ მათ უკეთესად ესმოდათ ერთმანეთის, სწორედ იმ აქტივობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ განვახორციელეთ.

რადიო თავისუფლება: რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალი მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტური რეგიონების მიმართ, თუ აკვირდებით ახალი მთავრობის ნაბიჯებს და თუ გაქვთ კონკრეტული რჩევები ამ პოლიტიკასთნ მიმართებით სწორედ ახლა?

ბიორნ ენგესლენდი: ჯერჯერობით ამ პოლიტიკაზე ბოლომდე სრულყოფილი წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ახალი მთავრობისგან გარკვეული პოზიტიური სიგნალები მოდის. არის მართლმსაჯულების სფეროში არსებული ვითარების გამოსწორების მცდელობები, ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩანს, რომ ცდილობენ ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გამოსწორებას საქართველოში.

რადიო თავისუფლება: და მაინც, თუ გკითხავთ, როგორია ადამიანის უფლებების მხრივ საერთო სურათი ქვეყანაში, თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ამჟამად?

ბიორნ ენგესლენდი: ამ მომენტისათვის ჩანს გარკვეული დამაიმედებელი სურათი. თქვენ ჩაატარეთ არჩევნები, რომლითაც შეცვალეთ მთავრობა. ჩანს, რომ ნელ-ნელა თქვენი მართლმსაჯულება თავისუფლდება პოლიტიკისგან და, რაც მთავარია, თქვენ გყავთ ძლიერი სამოქალაქო სექტორი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ცხადია, ამის მიღმა არსებობს ბევრი გამოწვევა. მაგალითად, სწორედ დღეს ვსაუბრობდით პატიმრებზე, რომლებსაც უკეთესი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, ასევე შეუწყნარებლობის სხვადასხვა ფორმებზე, თუნდაც სექსუალური უმცირესობების, ლგბტ ჯგუფის ადამიანების მიმართ არსებულ ვითარებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზეწოლასა და პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანას მოსდევს, უკვე მრავალი წელია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო.

რადიო თავისუფლება: თქვენ ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში აღნიშნეთ ის წინსვლა, რაც საქართველომ აჩვენა არჩევნების დროს, თუმცა სულ მალე ჩვენ კიდევ ერთი - ადგილობრივი თვითმმართველობის - არჩევნები გველის. თუ გეგმავთ დააკვირდეთ არჩევნებს ამჯერადაც?

ბიორნ ენგესლენდი: ძალიან მირჩიეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც უკვე შევხვდი, რომ ჩვენ კვლავაც დავაკვირდეთ მომავალ არჩევნებს საქართველოში. ეს ის თემაა, რომელიც რესურსს მოითხოვს და, ვფიქრობ, როგორც კი უკან დავბრუნდები, ამ საკითხს განვიხილავთ ჩვენს დონორებთან ერთად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG