Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას


შეერთებული შტატები გააგრძელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის რეფორმებში საქართველოს მთავრობის დახმარებას, ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თეთრი სახლის განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ვაშინგტონში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცეს საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემა და სთხოვეს მას გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონის უზენაესობის გამტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისათვის. „მათ აგრეთვე მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამაგალითო მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისათვის, რაც შეერთებული შტატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერაში გამოიხატება. პრეზიდენტმა გამოთქვა შეერთებული შტატების დიდი მადლიერება ავღანეთის ნატოს მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისათვის და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გამტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ დაარწმუნეს პრემიერ-მინისტრი, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებს..." - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG