Accessibility links

logo-print

შტეფან ფიულე: ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით დადგება


საქართველო, მისი გამოცდილებიდან და უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან ელის ზეწოლის გაძლიერებას - განაცხადა ევროკომისარ შტეფან ფიულესთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე რუსეთმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან განაახლა მავთულხლართების გავლება და ოკუპირებულ აფხაზეთში ინარჩუნებს ოლიმპიადის დაწყებამდე შექმნილ, ე.წ. უსაფრთხოების 11-კილომეტრიან ზონას. „იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით და სხვა მეგობრების დახმარებით ავიცილებთ თავიდან საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დადგა უკრაინა და რომლის წინაშეც შესაძლოა, სხვებიც აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ. თავის მხრივ, შტეფან ფიულემ აღნიშნა, რომ მსგავსი ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით მტკიცედ დადგება. ევროკომისრის განცხადებით, ყირიმში განვითარებულ მოვლენეზე ყურადღების კონცენტრაციის მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაივიწყოს საქართველოში რუსეთის შემაშფოთებელი მოქმედებები. შტეფან ფიულეს თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
XS
SM
MD
LG