Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა: 8 მარტი, 2014


უცხოეთის პრესის, ზოგადად, მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინა რჩება.

„რა უნდა პუტინს? რამდენად შორს წავა პროვოკაციით ისე, რომ საქმე ღია კონფლიქტამდე არ მიიყვანოს შუაგულ ევროპაში?“ - ასეთ შეკითხვებს სვამს პარიზში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გაზეთი „ლიბერასიონი“ და იქვე აღნიშნავს:

„ყირიმის პარლამენტის გადაწყვეტილება რუსეთს მიუერთდეს ნამდვილად არ მიუღიათ კრემლის დასტურის ან მისი გავლენის გარეშე. პუტინი, პირველ რიგში, აჩვენებს, რომ არავისი ეშინია და რომ არ გამორიცხავს ყირიმის სრული ანექსიის შესაძლებლობას. ეს იქნებოდა ყველაზე უარესი პოლიტიკა იზოლირებული ლიდერისათვის, რომლის ერთადერთი ლოგიკა, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მოახდინოს თავისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დემონსტრირება“.

ნიდერლანდის კონსერვატიულ გამოცემა „ტელეგრააფის“ კრიტიკა - კრემლის პოლიტიკის გარდა - დასავლეთის რეაქციისკენ არის მიმართული:

„კრემლში, ალბათ, სიცილით იხოცებიან. მართალია, მკაცრია განცხადებები, რომლებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ყირიმის უკანონო ანექსიას, მაგრამ ამის მეტი არაფერი ხდება. რიტორიკა და უკბილო სანქციები კი დიდ ტკივილს არ მიაყენებს რუს დათვს. ამდენად, რუსებს ჯერჯერობით იაფად უჯდებათ, მათ თვალში, წარმატებული ნაბიჯები ყირიმში. პირველ რიგში, მძიმე ასატანია ევროკავშირის უძლურება. ევროპა, პატარა ბავშვივით, გვერდიდან შესცქერის, როგორ დაესხა თავს უსუსურ მსხვერპლს ევროპისვე არასწორი ქმედებებით გაღვიძებული ნაციონალიზმის ურჩხული“.

შვეიცარიის გერმანულენოვანი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ კი რუსეთთან მიმართებით დასავლეთის ქვეყნების პოზიციებს შორის განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„მაშინ, როცა შეერთებული შტატები მკაცრ შეფასებებს აკეთებს უკრაინაში რუსეთის ძალადობის გამო და ხუთშაბათს სანქციებიც შემოიღო, ლონდონში მთავრობა მეტ თავშეკავებას იჩენს. ამით ის სხვა ევროპული ქვეყნების რიგში ეწერება. საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, დიდ ბრიტანეთსაც ეკონომიკური ინტერესები უნელებს მკაცრი სანქციების სურვილს. რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია, მაშინ როცა მასთან სავაჭრო ურთიერთობა მარგინალურ როლს ასრულებს შეერთებული შტატებისათვის“.

უკრაინაში რუსეთის მოქმედებას განსაკუთრებით მკაცრად აფასებს ლატვიის კონსერვატიული გაზეთი „ლატვიას ავიზე“.

„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია წარმოდგენილია, როგორც უკრაინელი მოძმე ხალხის გათავისუფლება ნაციონალისტებისა და ფაშისტებისაგან. რუსეთის აზროვნება არ იცვლება. ის იყო და არის აგრესორი, რომელიც თავის აგრესიულობას მალავს ძმობისა და მეგობრული დახმარების შესახებ ლამაზი ფარისევლური სიტყვებით. ფინეთის წინააღმდეგ აგრესია, ბალტიის სახელმწიფოების დაპყრობა, ჩეხოსლოვაკიის მოვლენები, უნგრეთის სისხლში ჩახრჩობა, ავღანეთი, საქართველო და ახლა - უკრაინა“.

საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელებს ეძღვნება სტატია, სათაურით „როცა პუტინი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა“. ავტორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ბოლო ხანებში ხშირად ჩანს დასავლეთის მედიაში როგორც ტელეჟურნალისტების რესპონდენტი თუ სტატიების ავტორი. სტატია, რომლიდანაც ახლა ციტატას გთავაზობთ, 7 მარტს გამოაქვეყნა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“.

„რატომ უნდა ადარდებდეს დასავლეთს ის, რაც უკრაინაში ხდება? ჩვენ ვხედავთ არა მარტო ევროპის უდიდესი ქვეყნის დანაწევრებას, არამედ, ამავე დროს, ევროპაში ცივი ომის შემდგომი წესრიგის ნგრევას. ეს წესრიგი ეფუძნებოდა მკაფიო წესებს, რომლებიც იცავდა არა მარტო პატარა ქვეყნებს, არამედ უზრუნველყოფდა დიდების სტაბილურობასა და კეთილდღეობას, იცავდა უმცირესობებს და მშვიდობიანი მექანიზმებით აგვარებდა კონფლიქტებს. დაუფიქრდით, რა მოხდება, თუ კონტინენტზე საზღვრები შეიცვლება ეთნიკური ხაზების მიხედვით... თუ წესები აღარ არსებობს, გარდაუვალია ძალადობისა და ნგრევის სპირალი“.

დაბოლოს, გაგაცნობთ ნაწყვეტს უკრაინის კრიზისზე „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი პუბლიკაციიდან:

„არ უნდა მოვექცეთ პუტინის ფსიქოლოგიური თამაშების გავლენის ქვეშ - თითქოს რუსეთის სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდეს, თითქოს ეთნიკური რუსების უფლებები იზღუდებოდეს, თითქოს კიევში ახალი მთავრობა უკანონო იყოს. ამის ნაცვლად მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ყირიმის კრიზისი, უბრალოდ, ერთადერთ საკითხს ეხება: თავისუფლებას უკრაინისა, რომელსაც სურს გეზის აღება ევროპული დემოკრატიებისაკენ - ავტორიტარულ, არადემოკრატიულ სისტემად დარჩენის ნაცვლად“.
XS
SM
MD
LG