Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სენატორმა „სი-აი-ეი“ კონგრესის კომპიუტერების უკანონო ჩხრეკაში დაადანაშაულა


აშშ-ის სენატორმა, დაიენ ფაინსტაინმა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს, „სი-აი-ეი-ს“ ბრალად დასდო სენატის იმ წევრების კომპიუტერების უკანონო ჩხრეკა, რომლებიც „სი-აი-ეის“ დაკითხვის პროგრამას იკვლევდნენ. დაიენ ფაინსტაინმა, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტს თავმჯდომარეობს, სიტყვით გამოვიდა სენატში, თქვა, რომ „სი-აი-ეი-ს“ ქმედება მიზნად ისახავდა დაეშინებინა კანონმდებლები, რათა პასუხი არ მოეთხოვათ დაზვერვის უწყებისთვის. ფაინსტაინის თქმით, „სი-აი-ეი-მ“ გაჩხრიკა კომპიუტერები, რომლებსაც იყენებდნენ დაზვერვის კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ამზადებდნენ შემუშავებულ ანგარიშს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვის, ახლა გაუქმებული, სადავო პროგრამის კვლევის შესახებ. ეს პროგრამა მოქმედებდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში. „სი-აი-ეი-ს“ ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა უარყო, რომ მისმა უწყებამ სენატის კომპიუტერებში შეაღწია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომლის მრჩეველიცაა ბრენანი ანტიტერორიზმის საკითხებში, თეთრი სახლის თანახმად, ბრენანს დიდი ნდობა გამოუცხადა, და იქვე თქვა, რომ ფაინსტაინის ბრალდებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ უარი თქვა კომენტარზე სენატის წევრის ბრალდების თაობაზე, რადგან მისი განმარტებით, საქმეს ჯერ კიდევ იკვლევენ. სენატის კომიტეტმა შარშან 6300 გვერდიანი ანგარიში მოამზადა. ის „სი-აი-ეი-ს“ კომენტარების შედეგად გადაისინჯა. ფაინსტაინმა ადრე განაცხადა, რომ კვლევის თანახმად, „სი-აი-ეი-ს“ დაკითხვის პროგრამამ დაზვერვას მცირე ან არაარსებითი შედეგები მოუტანა.
XS
SM
MD
LG