Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეორე ჰაკათონი: პროექტები და შედეგები


"ჰაკათონის" მონაწილენი
"ჰაკათონის" მონაწილენი
14-15-16 მარტს თბილისში უკვე მეორე ჰაკათონი გაიმართა. თითქმის სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა პროგრამისტები, დიზაინერები, გამომგონებლები შეუჩერებლად მუშაობდნენ, რათა ჟიურისთვის თავიანთი პროექტი წარმოედგინათ. ჯამში, ჰაკათონზე 55 პროექტი შეიქმნა, რომელთაგან ჯერ 11 საუკეთესო, შემდეგ კი 4 გამარჯვებული შეარჩიეს. ჰაკათონის ორგანიზატორი იყო „უნიჰაკი“, ახალგაზრდული გაერთიანება, რომელმაც უკვე მეორე ჰაკათონის ჩატარება შეძლო.

„უნიჰაკი“ სტუდენტების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც დეკემბრის შემდეგ მეორე ჰაკათონს ატარებს. ამ ჰაკათონს პირველისგან მასშტაბები, გაზრდილი საპრიზო ფონდი და მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობა გამოარჩევს. „უნიჰაკის“ წევრი და ჰაკათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ტყეშელაშვილი, ჰაკათონის შესახებ ამბობს:

„ჰაკათონი „უნიჰაკის“ მიერ ორგანიზებული პროექტია. ეს ორგანიზაცია დავაარსეთ რამდენიმე სტუდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. პირველი ჰაკათონი ჩავატარეთ დეკემბერში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში.

რეალურად საფუძველი ჩაეყარა ისეთ მოძრაობას, რომელიც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. სახეზე გვაქვს ის, რომ რამდენიმე თვის თავზე მივიღეთ მეორე ჰაკათონი, რომელიც ბევრად უფრო დიდია მასშტაბებით. თვითონ ჰაკათონის მთელი კონცეფცია ის არის, რომ არაფრისგან, მთელი მხიარულების ქვეშ მუშაობის შედეგად, 48 საათში მონაწილეები აკეთებენ რეალურ პროდუქტებს“.

გიორგი ტყეშელაშვილის განმარტებით, ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც კი ორიგინალური იდეა აქვს და ფიქრობს, რომ მისი განხორციელებაც შეუძლია. ტყეშელაშვილი პროექტის მიზნებისა და მონაწილეობის პირობების შესახებაც ლაპარაკობს:
თბილისის მეორე ჰაკათონი
თბილისის მეორე ჰაკათონი

„ჰაკათონი არ არის არც მხოლოდ პროფესიონალებისთვის, ჰაკათონი არ არის არც მხოლოდ პროგრამისტებისთვის. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, მაგალითად, დიზაინერებსაც. არიან გუნდები, რომლებიც რობოტს აწყობენ, ელექტროინჟინერიის სტუდენტები არიან. მთავარია, რაღაცის გაკეთება და შექმნა გინდოდეს, შენება გინდოდეს და შენი ადგილი ყველა ვარიანტში არის ჰაკათონზე. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჰაკათონმა მოგცეს, არის პიროვნული ზრდა, ის ადამიანები, რომლებსაც გაიცნობ, ახალი მეგობრები, გარემო და ერთგვარი ქომიუნითის ჩამოყალიბება, რაც ყველაზე გადამწყვეტია ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისას“.

48 საათიანი მარათონის შემდეგ ჟიურიმ, საბოლოოდ, 11 საუკეთესო პროექტი შეარჩია - ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტები. მაგალითად, საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა 14 წლის ნიკა ოთიაშვილისა და 15 წლის საბა აბესაძის თამაში - „მიდასი“; „Map Man” - აპლიკაცია, რომელიც რუკაზე განათავსებდა ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება და შეეძლოთ დახმარება, საბოლოოდ კი, მათ ერთმანეთს უკავშირებდა; “Guide” - აპი, რომელიც მუზეუმში შესვლის დროს სმარტფონში იმ ექსპონატების შესახებ გიტვირთავდათ ინფორმაციას, რომელსაც უახლოვდებოდით და ა.შ.
ჟიურის წევრის, ნოდარ დავითურის განცხადებით, საუკეთესო პროექტების შერჩევის დროს ჟიური განსაკუთრებულ ყურადღებას ინოვაციურ იდეას და მის, პირობებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სრულყოფილად განხორციელებას აქცევს.

საბოლოო ჯამში, ჟიურიმ 4 პროექტი შეარჩია, რომლებზეც 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდი გადანაწილდა. ოთხეულში შევიდნენ: Market Guide - აპლიკაცია, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს მომხმარებელს სასურველი პროდუქტის ყველაზე დაბალ ფასად შერჩევაში და რუკაზე მოუძებნოს მაღაზია, სადაც კონკრეტული პროდუქტი ყველაზე იაფი ღირს. მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა „Cloud Library”, რომლის მიზანიცაა თბილისის რუკაზე გარკვეული ლოგიკით დაიტანოს წიგნები, რომლებზე წვდომაც ადამიანებს ექნებათ, კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ლეიზერ პიუ“ თავისი რობოტით, რომელიც, პროექტის შემქმნელების აზრით, შეიძლება იყოს დისტანციური სათამაშო ბავშვებისთვის, ფანჯრის მწმენდავი, მზვერავი ან ექსტრემალურ პირობებში ცათამბჯენის ფოსტალიონიც კი.
ჰაკათონის მონაწილენი
ჰაკათონის მონაწილენი
ჰაკათონის გამარჯვებული კი უკვე მეორედ გახდა გუნდი „ტირე“, რომელმაც წარმოადგინა აპლიკაცია “Tbilisi Drive”. გამარჯვებული პროექტის შესახებ გუნდის ერთ-ერთი წევრი, თენგო ალქვენიძე, საუბრობს:

„მძღოლი დააყენებს ჩვენს ანდროიდ აპლიკაციას და როდესაც ჩართული აპლიკაცია ედება მანქანაში, თუ, დავუშვათ,რამე წესს დაარღვევს, მყისიერად დაამუხრუჭებს, ცუდად მოუხვევს, სიჩქარეს გადააჭარბებს, დააკლდება ქულები. მძღოლების რეიტინგი საერთო ბაზაში აისახება და იქმნება რეიტინგი მთელი ქალაქის მძღოლებისგან. თუ, დავუშვათ, ორმოში ჩაარტყამს მანქანა, ამ ორმოს კოორდინატი შეინახება ბაზაში და ყველა მძღოლმა იცის, რომ ამ კოორდინატზე არის ორმო და მიახლოებისას პროგრამა გატყობინებს, რომ ფრთხილად გაიარო, იმიტომ რომ ორმოს უახლოვდები“.

თავისუფალი უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი გადაეცა პროექტს „Blind Cam“, რომლის შემქმნელებიც კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათი პროექტი საშუალებას აძლევს უსინათლო ადამიანებს გამოიყენონ სმარტფონები სპეციალური ბარათების დახმარებით, რომელთა უკანა ნაწილზეც ბრაილის შრიფტითაა ამოტვიფრული ბრძანება, მეორე მხარეს კი ამ ბრძანების შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებაა. მაგალითად, ბარათებზე შეიძლება გამოსახული იყოს ბრძანებები: დარეკვა, მუსიკის ჩართვა, საათის გაგება, ამინდის გაგება და ა.შ. როცა ბარათს სმარტფონის კამერის წინ დავაფიქსირებთ, აპლიკაცია კითხულობს ბრძანებას და სმარტფონიც შესაბამის მოქმედებას აკეთებს. პროექტის ავტორებს თავისუფალმა უნივერსიტეტმა ერთწლიანი გრანტი გადასცა.
ჰაკათონის მონაწილენი
ჰაკათონის მონაწილენი
ჰაკათონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პრეზენტაციები, რომლებსაც ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტები ატარებდნენ. ასევე პროექტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჰაკათონს ესწრებოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დაჰკვირვებოდნენ და შეეფასებინათ ახალგაზრდა სპეციალისტების შესაძლებლობები. თბილისის მეორე ჰაკათონს შეფასებას აძლევს კომპანია „AzRy”-ს წარმომადგენელი იოსებ ძმანაშვილი:
„ეს უკვე მეორე ჰაკათონია და გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. პროექტების თვალსაზრისითაც საკმაო განსხვავებები იყო და მრავალფეროვნება გვქონდა. გამარჯვებულ პროექტებს რაც შეეხება, ამ პროექტებიდან რამდენიმე მართლა გამორჩეული იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია ამ რამდენიმე დღეში ბავშვების მიერ. პირველ ადგილზე გასული, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ჰაკათონიდან ჰაკათონამდე განვითარდე და კიდევ უფრო სრულყოფილი პროდუქტი წარმოადგინო და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა იყო ძალიან ღირსშესანიშნავი, რადგან მათ თავი გამოავლინეს არა როგორც სკოლის მოსწავლეებმა, არამედ როგორც ამ სფეროს სერიოზულმა მოთამაშეებმა“.
XS
SM
MD
LG