Accessibility links

logo-print

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას რეალისტურს უწოდებს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედოვნებს, რომ მომდევნი თვეებში შესაძლებელი იქნება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა. ირანის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა ვენაში 17-18 მარტს გამართეს. „ვფიქრობ, საბოლოდ ჩვენ შევიმუშავებთ შეთანხმებას, რომელიც იქნება პრაქტიკული, დაბალანსებული და შინაარსიანი და რომელიც ოთხი თვის შემდეგ, დასკვნითი გადაწყვეტილებებით დასრულდება. დრო სწრაფად გარბის და იმ ექვსი თვიდან, რაც მოცემული გვქონდა, ჩვენ ორ თვე-ნახევარი უკვე გამოვიყენეთ და მომდევნო თვეებში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები“, - განაცხადა ჯონ კერიმ რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. შეხვედრის მორიგი რაუნდი 7-8 აპრილს გაიმართება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის თანახმად, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, რაც მას ოპტიმისტურად განაწყობს, რომ ირანისა და მსოფლიო ქვეყნების ლიდერები დათქმულ ვადებში, 20 ივლისისთვის მიაღწევენ შეთანხმებას. მოლაპარაკებების მონაწილეები ცდილობენ შეიმუშაონ გრძელვადიანი შეთანხმება დასავლეთის შეშფოთების პასუხად, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG