Accessibility links

logo-print
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროკურატურა დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ბესიკ ბლიაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობრივი უფლებამოსილება ოფიციალურად დღეიდან შეუჩერდა. ამის მიზეზი ის ბრალდება გახდა, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარუდგინა. სამსახურებრივი სიყალბე თუ უფლებამოსილების გადამეტება? რატომ შეიცვალა ბრალდების მუხლი და რა მიზეზებზე საუბრობს დაცვის მხარე?

მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტი მთელი დღის განმავლობაში დაკეტილია. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 25 მარტს ბესიკ ბლიაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. საოლქო პროკურატურამ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი 341-ე მუხლით წაუყენა, რაც სამსახურებრივი სიყალბის ჩადენას გულისხმობს და, დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25 მარტს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის გამგებელს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 4 000 ლარი გირაო შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა, – განმარტავს საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი თემურ გურამიშვილი.

ბესიკ ბლიაძის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაიონული სასამართლოდან ოფიციალური დოკუმენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერ არ მისვლია. თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი განმარტავს, რომ სასამართლოდან ვიდრე აღნიშნული დოკუმენტი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს არ წარედგინება, საკრებულო გამგებელს უფლებამოსილებას ვერ შეუჩერებს. ბესიკ ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ვინ იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ სანდროშვილი ვერ აკონკრეტებს.

"სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი წამყვანი სპეციალისტის ეკა ტატალაშვილის განცხადებისა და მის მიერვე პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო“, – განმარტავს ბესიკ ბლიაძის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი. მისივე მტკიცებით, შესაძლოა აღნიშნულის გამო ბესიკ ბლიაძემ ეკა ტატალაშვილს უჩივლოს კიდეც.

ახალციხის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ ბლიაძის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა. ბესიკ ბლიაძემ, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 12 მარტს დაინიშნა, ბესიკ ხითარიშვილი შეცვალა. გამგებლად დანიშვნამდე მას ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ერთი წლის წინ საკრებულოს სხდომაზე ბესიკ ბლიაძეს 25 დეპუტატიდან ნდობა 24-მა გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG