Accessibility links

logo-print
„ტუვალუ აღარ აღიარებს აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა მცირე ზომის სტატია გაზეთმა „ვედომოსტიმ“, რომელმაც მკითხველებს შეახსენა, რომ პოლინეზიის არქიპელაგში მდებარე ამ მინიატურულმა კუნძულმა-სახელმწიფომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს ცნო, ახლა კი ეს აღიარება უკან წაიღო.

რუსული გამოცემის თანახმად, ერთი წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ასევე გააუქმა ვანუატუმ, რის შემდეგაც იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ, ოთხამდე შემცირდა: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.

გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“ კი იმის შესახებ წერს, მიბაძავს თუ არა უკრაინა საქართველოს, დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის დატოვების თვალსაზრისით. საქართვლო დსთ-დან 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა, ამჟამად კი ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება უკრაინის ხელისუფლება. რა ხდება, დსთ იშლება? ამ კითხვით გაზეთის რედაქციამ რუსეთში მოქმედ დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორს, კონსტანტინ ზატულინს მიმართა. ფრაგმენტი მისი პასუხიდან:

„ჯერჯერობით უკრაინამ მხოლოდ შეაჩერა თავისი თავმჯდომარეობა დსთ-ში. არ გამოვრიცხავ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების შემოღების მუქარა დასრულდა. საქმე ის არის, რომ ორგანიზაციიდან გასვლა ხელს არ აძლევს თავად უკრაინას თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთში დსთ-ს წევრი ქვეყნებისათვის შრომითი მოწყობის წესები გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გასტარბაიტერებისთვის. სხვათა შორის, სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი, დსთ-დან გასვლის შემდეგ, საქართველო დარჩა მონაწილედ 70-ზე მეტ ხელშეკრულებაში, მაგრამ თუკი უკრაინა მაინც გადაწყვეტს გასვლას, დსთ ამას როგორღაც გადაიტანს. თანამეგობრობა იცოცხლებს ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც რუსეთს დასჭირდება. აი, თუ ჩვენ გადავწყვეტთ გასვლას, მაშინ დსთ მართლა დაიშლება“.

„პრეზიდენტმა გააუმჯობესა მთავრობისა და მმართველი პარტიის იმიჯი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებია მოტანილი. ირკვევა, რომ ყირიმის მოვლენების შემდეგ ვლადიმირ პუტინის მოქმედებას იწონებს გამოკითხულთა 80%, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 65, ხოლო მარტში 72 პროცენტი იყო. სტატიის მიხედვით, ბოლოს რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, როცა ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა 85-89 პროცენტს მიაღწია. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების თვალში გაიზარდა არა მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის რეიტინგი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციებისაც. მაგალითად, მთავრობის მეთაურის რეიტინგი 48 პროცენტიდან 62 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების რეიტინგები. რაც შეეხება მმართველ პარტიას, იანვარში „ედინაია როსიას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 48 პროცენტი, მარტის ბოლოს კი - 56 პროცენტი. „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, ალექსეი გრაჟდანკინის თქმით, ამგვარი ზრდა გამოიწვია პარტიის პასიური მხარდამჭერების მობილიზებამ და არა სხვა პარტიების ელექტორატის გადაბირებამ. რუსი სოციოლოგები, პრეზიდენტის რეიტინგის ზრდის პარალელურად, თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის რეიტინგის ზრდას იმით ხსნიან, რომ წარმოუდგენლად მაღალია ხელისუფლების შტოების კონსოლიდაციის ხარისხი.

სტატია მთავრდება რუსეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლის ალექსეი ზუდინის განმარტებით. მეცნიერი მიიჩნევს, რომ, პოლიტიკური გაგებით, პრეზიდენტ პუტინმა თვისებრივად განსხვავებული დატვირთვა შეიძინა: „ყველაფერი ეს დაიწყო ოლიმპიადის დროს და გრძელდებოდა ყირიმის კრიზისის განმავლობაში. ადრე საზოგადოების მიერ პუტინი აღიქმებოდა როგორც საიმედო, ეფექტური ლიდერი. ახლა ის აღიქმება როგორც სახელმწიფოს სტრატეგიული რესურსი და ძნელია მისი განცალკევება სახელმწიფოსგან. ამიტომაც არის, რომ პუტინის რეიტინგის ზრდა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ზრდასაც“.
XS
SM
MD
LG