Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარუდგინა პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას. პროკურატურის განცხადებით, 2009 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში როლანდ ახალაიამ რამდენიმე მოქალაქე აიძულა დაკავებული ნათესავებისთვის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, თითქოსდა ქველმოქმედებისთვის 150 ათასი და 90 ათასი ლარი გადაერიცხათ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის გვარამიას კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშზე. პროკურატურის განცხადებითვე, როლანდ ახალაიამ, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, გადაამეტა საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას, რამაც გამოიწვია მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითად დარღვევა. ახალაისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის ზომად სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად როლანდ ახალაიამ, რომელიც 11 აპრილს დაკითხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ოჯახის პოლიტიკური დევნა გრძელდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, უდანაშაულობას სასამართლოში დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG