Accessibility links

logo-print
თელავის რაიონის სოფელ თეთრწყლებში "მაღალმთიანი სოფლის" სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამ სტატუსის მიღების შემდეგ მათ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები მალე მოგვარდება.

თეთრიწყლები თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დრონიდან, დაახლოებით, 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მოუწესრიგებელი სასმელი წყლის გაყვანილობა, საკარმიდამო ნაკვეთებთან მისასვლელი გზა და წლების განმავლობაში დაზიანებული გარეგანათებები - ეს იმ ძირითადი პრობლემების ნაწილია, რომელიც მთიანი სოფლის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ:

„კატასტროფული მდგომარეობაა სოფელში შუქის მიმართ. სტოლბებია თავიდან ბოლომდე დამპალი და მოტეხილი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ოდნავი ქარი და დენი ითიშება, პატრონი არავინ არის“.

„წყალი, განათება და გზა უნდა სოფელს“.

თეთრწყლებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი 2004 წელს შეუჩერდა, რის გამოც ამ სტატუსით ნაგულისხმევი პრივილეგიებით ადგილობრივებს აღარ უსარგებლიათ. მოსახლეობის თქმით, მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, ამიტომ ისინი სოფლისთვის სტატუსის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობენ:

„ჩვენ უნდა გვქონდეს მთის სტატუსი. მთელ კახეთის რეგიონში მხოლოდ ერთი სოფელია, სადაც შვიდი თვე არის ზამთარი. 70 % აქ სოციალურად დაუცველია. არაფრის საშუალება არ გვაქვს. გაზაფხულზე იწყება ღანძილის თხრა, რითაც თავი გაგვაქვს მოსახლეობას. მთის სტატუსი რომ მოგვცენ, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ჩვენთვის, პენსიაზე ადრე გავალთ, ხელფასები გაიზრდება“.

„თუ მთის სტატუსს მოგვანიჭებენ, კმაყოფილები ვიქნებით“.
მე რამდენადაც ვიცი, მუშავდება ახალი კანონპროექტი მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯგუფი მუშაობს. ეს კანონპროექტი ახლებურად დაარეგულირებს მთის ცხოვრებას...

მე რამდენადაც ვიცი, მუშავდება ახალი კანონპროექტი მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯგუფი მუშაობს. ეს კანონპროექტი ახლებურად დაარეგულირებს მთის ცხოვრებას. თეთრიწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული სოფელში არსებულ პრობლემებს ადასტურებს. მინდია ქიბიშაური განმარტავს, რომ თანხის უქონლობის გამო წელს პრობლემების მთლიანად მოგვარება ვერ მოხერხდება:

„წელს 15 000 ლარი არის გამოყოფილი წყლის სათავეების გაკეთებაზე, რომელიც მაქსიმუმ 2 თვეში უნდა დაიწყოს. გზებზე სულ 4 000 ლარია გამოყოფილი სეროდან პანტიანის გზის შესაკეთებლად“.

რამდენად შესაძლებელია სოფელს მაღალმთიანის დასახლების სტატუსი დაუბრუნდეს? - ამ კითხვით ჩვენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილს მივმართეთ. აგულაშვილი ამბობს, რომ მაღალმთიანი სოფლების განვითარების ახალი კანონპროექტი მუშავდება, რომელმაც შესაძლოა დამატებით დასახლებებისთვის ახალი სტატუსის მინიჭებაც გაითვალისწინოს. თუ როდის მიეცემა პროექტს კანონის სახე, აგულაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს:

„მე რამდენადაც ვიცი, მუშავდება ახალი კანონპროექტი მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯგუფი მუშაობს. ეს კანონპროექტი ახლებურად დაარეგულირებს მთის ცხოვრებას. იდეა არის ის, რომ სოციალურ -ეკონომიკური განვითარების ტენდენციები მთაში სუსტია. ამიტომ სახელმწიფო უნდა მიეხმაროს მთაში მცხოვრებ ადამიანებს. მე ვფიქრობ, საკითხი შეიძლება შეეხოს თეთრწყლებსაც და სხვა სოფლებსაც“.

სოფელ თეთრწყლებში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ არსებული პრობლემები დროულად არ მოგვარდა, სოფელი შეიძლება მოსახლეობისგან დაიცალოს.
XS
SM
MD
LG