Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს მთავრობა სპორტს


საქართველოში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაზე: შემცირდა დაფინანსება და მოიშალა ინფრასტრუქტურა. თუმცა საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ არსებულ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა 2014 წლის 4 აპრილს დაამტკიცა და რომელშიც განსაზღვრულია საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. როგორია სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული პორტი?

ლუკა კურტანიძე, თავისუფალ ჭიდაობაში მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის მწირი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი ვერ გასწვდება სპორტის ყველა სახეობას:

„უამრავი სპორტის სახეობა არსებობს, მაგრამ უნდა აირჩეს სტრატეგიული სპორტის სახეობები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გაუკეთდება რეკლამა, მაგრამ, ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს არჩევანი იყოს კომპაქტური - არ უნდა აღემატებოდეს სპორტის ათ სახეობას და მათზე უნდა გადანაწილდეს მთელი ის საშუალება, რაც დღეს საქართველოს გააჩნია“.
ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ინვესტიციების, დაფინანსების გზების მოზიდვას, რომელიც მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას. ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს. ისინი აკეთებენ კეთილ საქმეს და ეწევიან ქველმოქმედებას...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს შესაძლებლობები, მართლაც, შეზღუდულია, თუმცა მთავრობა
სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამით აფინანსებს თითქმის ყველა მოქმედ სპორტულ ფედერაციას. გარდა ამისა, მოქმედებს ფეხბურთის, რაგბისა და კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამები, თუმცა, როგორც 15 აპრილს გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა“, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სპორტის განვითარებაში მეტი წვლილი უნდა შეიტანოს კერძო ინიციატივამ ინვესტიციების მოზიდვის სახით:

„ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ინვესტიციების, დაფინანსების გზების მოზიდვას, რომელიც მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას. ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს. ისინი აკეთებენ კეთილ საქმეს და ეწევიან ქველმოქმედებას. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა, რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ მომავალზე გააკეთონ ინვესტირება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ უკუგებას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი წაადგება ჩვენს ქვეყანას“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველივე ეს გათვალისწინებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტში“, რომელიც ითვალისწინებს სპორტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, მომზადდება სხვადასხვა სახის სპორტული კომპლექსის სტანდარტული არქიტექტურული პროექტები. სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებად კი გამოყოფილია მასობრივი სპორტი, სასპორტო განათლების სისტემა და მაღალი მიღწევების სპორტი, რასაც, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ამბობს, შესაბამისი სტანდარტის ინფრასტრუქტურა და დაფინანსება სჭირდება.
გვქონდა დარბაზი, რა თქმა უნდა, მაგრამ რემონტი ჩაატარა სკოლამ და ძალაუნებურად გამოგვიშვეს გარეთ. ახლა ვართ ობლების სასადილოში. წარმოიდგინეთ, 250 კილოგრამი რომ დაეცემა მოუმზადებელ იატაკს...
თამაზ ლაშხი

„სპორტის მამოძრავები, რა თქმა უნდა, არის ფინანსები! ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში ერთი ოლიმპიური ჩემპიონის მომზადება 3-4 მილიონი დოლარი ჯდება მთელი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში, საქართველოში კი ამაზე რამდენიმე ათეული ათასი დოლარი თუ იხარჯება და შედეგი მიიღწევა ძირითადად ტალანტისა და ენთუზიაზმის ხარჯზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპორტის დაფინანსების თვალსაზრისით სასიკეთოდ არაფერი იცვლება. ადრე თუ სპორტში იდებოდა 3-4 მილიონი ლარი, ახლა ეს თანხა გაათმაგდა და 40-45 მილიონ ლარს აღწევს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან ცოტა“, უთხრა ელგუჯა ბერიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეს რომ ძალიან ცოტაა, კარგად უწყიან საჩხერის ძალოსნობის სკოლაში, რომლის წარმომადგენელმა, თამაზ ლაშხმა, კონფერენციის მონაწილეებს აცნობა, რომ რაიონში არ აქვთ ვარჯიშისთვის საჭირო ელემენტარული პირობები - არადა, ჰყავთ სპორტსმენი, რომელმაც შესაძლოა ოლიმპიური ოქრო მოიპოვოს:

„ეს არის ტალახაძე, რომელმაც 250 კგ აკრა ამ ცოტა ხნის წინ. ემზადება ოლიმპიადისთვის. ერთი კვირაა, რაც ჩამოვიდა საჩხერეში, მაგრამ დარბაზი ვერ დავახვედრეთ სათანადო მდგომარეობაში. გვქონდა დარბაზი, რა თქმა უნდა, მაგრამ რემონტი ჩაატარა სკოლამ და ძალაუნებურად გამოგვიშვეს გარეთ. ახლა ვართ ობლების სასადილოში. წარმოიდგინეთ, 250 კილოგრამი რომ დაეცემა მოუმზადებელ იატაკს, რა დაემართება იქაურობას - დაინგრევა“.

სწორედ ამგვარი ვითარების გამო, „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის“ ფარგლებში მუშავდება სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტები და განვითარების სამოქმედო გეგმა შემდეგი მიმართულებებით: სასკოლო, საუნივერსიტეტო, მუნიციპალური და სახელმწიფო ინფრასტრუქტურები, თუმცა, როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ამბობს, მხოლოდ სახელმწიფოს აღნიშნული ტვირთის ზიდვა გაუჭირდება:
სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს არ ხდება! წელს, მაგალითად, ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება საქართველოში: ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი...
გიორგი გიორგაძე

„თავი და თავი არის სახელმწიფო! მან უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ყველა მხარეს - კერძო მეწარმეს, სპორტის სამსახურს, სამინისტროს და ფედერაციებს - მისცემს იმის საშუალებას, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს კარგი მენეჯმენტით - მოიზიდოს თანხები, დაინტერესებული იყოს ორივე მხარე და ყველაფერი არ კეთდებოდეს მხოლოდ ენთუზიაზმით. ამისთვის კი საჭიროა შეღავათების დაწესება სპონსორობისთვის“.

სწორედ ძლიერი სპონსორისა და სახელმწიფოს თანადგომით გააქვს თავი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რომლის პრეზიდენტის, გია გიორგაძის თქმით, ამჟამად ფედერაცია განვითარების ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების მოლოდინშია.

„სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს არ ხდება! წელს, მაგალითად, ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება საქართველოში: ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი. მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე: ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას პერსპექტივის გათვალისწინებით, გეგმაზომიერად განვახორციელოთ ის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი დარგის განვითარებას საქართველოში“, უთხრა გია გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG