Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სულაბერიძე მარად წრებრუნვაში


ახალგაზრდა პოეტმა სალომე სულაბერიძემ შარშან ორი წიგნი გამოსცა - ლექსების კრებული ,,ღვთიურკალმური“ და ლირიკული პოემა ,,კართაგეენია“. ორივე ეს წიგნი გამომცემლობა ,,საუნჯეში“ დაისტამბა. ქართული ლიტერატურის დიდი პოეტური ტრადიციიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ახალგაზრდა პოეტმა პირველივე წიგნებით მიიპყროს მკითხველის ყურადღება და რაღაც ისეთი სიახლე ან სიახლის წინაპირობები მაინც შემოგვთავაზოს, რომ სამომავლო პერსპექტივამ გაგვახაროს.

სალომე სულაბერიძე სწორედ ეს გამონაკლისი შემთხვევაა. მისი ყოველი ახალი წიგნი, წინა ნამუშევართან შედარებით, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი სახით ქართულ ლიტერატურას სამომავლოდ მნიშვნელოვანი ხმა და ძალა შეემატება.

თუმცა ზემოთქმული, რასაკვირველია, სრულებითაც არ გულისხმობს შეღავათს სალომე სულაბერიძის დღევანდელი ნაწერების მიმართ. ის უკვე საინტერესო პოეტია, გამოკვეთილი სათქმელით, მხატვრული პოზიციით და სამყაროს უაღრესად თავისებური ხედვით, რაც კარგად ჩანს მის ლექსებში, მაგრამ ყველა ეს ნიშანი, ვფიქრობ, ლირიკულ პოემაში უფრო მკვეთრად გამოვლინდა.
თემა არის წმინდანის თემა. ეს არის ურთულესი თემა. ანუ თანამედროვეობაში დახატო ხატი, არის გაცილებით უფრო რთული, რადგან ჩვენ ორი საფრთხის წინაშე ვდგავართ: პირდაპირ კოპირება მოვახდინოთ იმ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული შაბლონებისა და სქემების მიხედვით და დავრჩეთ სქემატიზმში; მეორე მხრივ, რომ გადავიდეთ უკიდურეს თანამედროვე მიდგომაში...
კონსტანტინე გამსახურდია

თავისთავად ლირიკული პოემა, როგორც ჟანრი, ქართულ ლიტერატურაში გარკვეულ კრიზისსაც განიცდის. ეს ჟანრი, რომელმაც პრინციპული აღმავლობა, ჩემი აზრით, ჩვენს მწერლობაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განიცადა, დღეს, თითქოსდა, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმის თხზულებები ბოლო ხანს იშვიათადღა შემხვედრია. მით უფრო, რომ თავის დროზეც, ამ ჟანრის პიკის დროს, ლირიკულ პოემასაც ხშირად არაზუსტად განსაზღვრავდნენ ასე, თორემ, სინამდვილეში, ისინი ერთ თემაზე შექმნილ ლექსების ციკლებად წარმოგვიდგებოდნენ და აკლდათ მთავარი, რაც პოემას (თუნდაც ლირიკულს) უსათუოდ უნდა ახასიათებდეს: შეიძლება, მქრქალი, მაგრამ მაინც გარკვეული სიუჟეტური ქარგა, რომელზედაც მძივივით აესხმება ნაირგვარი პოეტური ნარატივი. სალომე სულაბერძის პოემაში ეს საკითხი წარმატებით არის გადაჭრილი, თუმცა ნაწარმოების ჟანრული განსაზღვრა ცალსახად მაინც ჭირს და ამაზე ჩემთან საუბარში ლიტერატორმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამაც მიუთითა:

,,მე შევეხები პოემას, თუ შიძლება ამას პოემა ეწოდოს, ან ვრცელ ლექსს - ,,კართაგეენიას“. თავისი კომპოზიციით, რამდენადაც აქ მაინც ამბავი არის აღწერილი და ეს ამბავი შეეხება მესამე საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიან მოწამეს, კიპრიანეს, ეს, ალბათ, მაინც პოემაა, თუმცა ამ პოემას აქვს რაღაც სცენიური მომენტებიც. ანუ იგი თავისუფლად შეიძლებოდა დადგმულიყო სცენაზე, რამდენადაც აქ არის დიალოგები კონკრეტულ პერსონაჟებს შორის და გამოკვეთილია კონკრეტული ადამიანების სახეები, განსაკუთრებით, იუსტინასი, დიდმოწამე იუსტინასი, კიპრიანესი. ეს არის მთავარი მოქმედი პირი. აქ არის აგრეთვე აღლადოსი, გვიანანტიკურობის ტიპიური წარმომადგენელი, რომელიც ფილოსოფიითაც და, ასე ვთქვათ, ხელოვნებებითაც არის დაინტერესებული, ანუ ტრილიუმით და კვატრილიუმით, როგორც ამას მაშინ ეწოდებოდა და, რასაკვირველია, აქ არიან მეტაფიზიკური სფეროს წარმომადგენელი პერსონაჟებიც. მათ შორის არის ყველაზე გამოკვეთილი სახე აზაალი - დემონთა მთავარი, რომელიც არის კიპრიანეს წინამძღოლი, სანამ იგი გახდება ქრისტიანი“.

საერთოდ, სიუჟეტის პოეტურად გაცოცხლება, უფრო სწორად, სიუჟეტის პოეტური გარდასახვის მცდელობაც ძალიან სარისკოა და იმ თემატიკისთვის ხელის მოკიდებაც, რასაც ვხედავთ სალომე სულაბერიძის პოემაში. ჟანრულად ის ძალიან უახლოვდება გოეთეს ,,ფაუსტს“, რომლის სტილისტური და ინტონაციური გავლენაც სალომე სულაბერიძის ნაწარმოებში აშკარად იკვეთება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, აქ შეიმჩნევა გავლენა გოეთეს ამ ნაწარმოების დავით წერედიანისეული ბრწყინვალე თარგმანისა, მაგრამ სალომე სულაბერძის ტექსტი იმდენად ღრმაა და ცოცხალი, რომ ცხადია, უსამართლობა იქნებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ უბრალო ზეგავლენად შეგვეფასებინა. ჯერ ერთი, უპირველესად, პოემის თემატიკა არის იმდენად საინტერესო, რომ ვერაფრით ვერ მოთავსდება ის რომელიმე ზედაპირული გავლენის ჩარჩოებში. ახალგაზრდა ავტორს არჩეული თემის გამო მთელი ტექსტის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს ტრიალი და კითხვის დასრულებისას ვხვდებით, რომ მან ეს ბეწვის ხიდი წარმატებით გაიარა, რადგან ოსტატურად შეკრა კომპოზიცია და ყველა სასურველი მხატვრული აქცენტი მკაფიოდ გამოკვეთა. ეს ლიტერატორმა კოკო გამსახურდიამაც აღნიშნა:
კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია
,,თემა არის წმინდანის თემა. ეს არის ურთულესი თემა. ანუ თანამედროვეობაში დახატო ხატი, არის გაცილებით უფრო რთული, რადგან ჩვენ ორი საფრთხის წინაშე ვდგავართ: ჩვენ პირდაპირ კოპირება მოვახდინოთ იმ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული შაბლონებისა და სქემების მიხედვით და დავრჩეთ სქემატიზმში, თუმცა კანონიკას ამით არ დავარღვევთ; ან გადავიდეთ უკიდურეს თანამედროვე მიდგომაში და თანამედროვე მიდგომები რა არის, ეს ჩვენ კარგად ვიცით. მაგალითად, მე სცენაზე ევროპაში ნანახი მაქვს რიჰარდ ვაგნერის ,,ტანჰოიზერი“, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს წყალქვეშა ნავში და ადამიანები ლეპტოპებითა და თეთრი ხალათებით გამოდიან. ეს არის მეორე უკიდურესობა. სალომესთან ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესოდ გადაჭრილი: აქ, ერთი მხრივ, სრულიად თანამედროვე პოეტური დისკურსია - სავსე პოეტური ნეოლოგიზმებით, საინტერესო, სრულიად მიძინებული, მე ვიტყოდი, სიტყვებით, რომელიც ქართული ენის წიაღიდან გააცოცხლა მან. აქ არის ერთგვარი გლოსოლალიური მეთოდი, აქ არის ალიტერაცია, ასონანსები, სიტყვების თამაშები ძალიან საინტერესო“.

ყველა ეს თავისებურება, რაც კონსტანტინე გამსახურდიამ ჩამოთვალა, ცხადია, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს და სალომე სულაბერიძის პოემას სრულიად განსაკუთრებულ ტექსტად წარმოგვიდგენს, გამორჩეულად იმ ფონზე, რაც დღეს იწერება - თუნდაც ენობრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბოლო ხანს ჩვენს ლიტერატურაში ენის საგანგებო გამარტივებისა და ვულგარიზაციის ერთი სახიფათო ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა. მწერლები თითქოს საგანგებოდ ცდილობენ წერონ მარტივად და ამ სიმარტივეს ენის ლექსიკის არაერთი ისეთი პლასტი ეწირება, რაზეც უპირველესად სწორედ ლიტერატურა უნდა მუშაობდეს. ცხადია, თითქმის აღარ გვხვდება ახალი სიტყვათწარმოება, რაც თუნდაც ძალიან გამოკვეთილი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართულ მწერლობაში და რისი მეოხებითაც ქართულში უამრავი ნეოლოგიზმი შეიქმნა. ამ ნეოლოგიზმთაგან ზოგი იგუა ენამ, ზოგი უკუაგდო, მაგრამ რაც დარჩა, დღეს ის სიტყვები ენის ლექსიკური ფონდის განუყოფელ სიმდიდრეს შეადგენს.

ამ, ერთი შეხედვით, ზოგადი მსჯელობისაკენ გვიბიძგა სალომე სულაბერიძის შემოქმედებითმა პოზიციამ, რომელსაც სიტყვისადმი ზემოთქმულისაგან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ის ცდილობს, ერთი მხრივ, გააცოცხლოს ლექსიკონებში მთვლემარე სიტყვები და, მეორე მხრივ, თვითონ შექმნას გარკვეული ნეოლოგიზმები. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველა შემთხვევაში წარმატებით გამოსდის, მაგრამ, როგორც მცდელობა, თავისთავად საინტერესოა.
სალომე სულაბერიძე
სალომე სულაბერიძე
სხვათა შორის, შესაძლოა პოეტური ლექსიკისადმი ასეთი მიდგომის შედეგიც იყოს, საერთოდ, პოემის მოქმედების ანტიკურ სივრცეში გადატანა. გასაგებია, რომ კულტურის ორი შრის ურთიერთშეხების ეპოქა თავისთავადაც საინტერესოა ლიტერატურისთვის, რადგან ამ ორი შრის - ძველისა და ახლის - ურთიერთქმედებით, მათ ჭიდილში იბადება სიახლე, რომელსაც დღეს უკვე დიაქრონული პერსპექტივიდან ვაფასებთ, როგორც სულიერ მემკვიდრეობას. თვითონ სალომე სულაბერიძემ იმაზე, თუ რატომ აირჩია ანტიკურობა პოემის ღერძად და სათქმელის გამოხატვის ფორმად, აღნიშნა:

,,ალბათ, იმიტომ რომ დღევანდელობა ჩემთვის ცოტა გამოცლილია მაგიურობას და ენობრივი სარჩულიც იმიტომ არის ცოტა ანტიკური (თუ შიძლება ამას დაერქვას ანტიკური), რომ რაღაც უფრო მაგიურია, უფრო ცოცხალია, უფრო იგრძნობა რაღაც ის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. და ჩემთვის, საერთოდაც, როცა რაღაცას ვქმნი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შთაბერო სული და იგრძნო იქიდან გამომავალი სული, ანუ მიიღო, გასცე და მერე ისევ მიიღო...“

ამ მუდმივ წრებრუნვაში სალომე სულაბერიძის წიგნი ,,კართაგეენია“ არა მხოლოდ ავტორის, არამედ, საერთოდ, თანამედროვე ქართული პოეზიის მნიშვნელოვან შენაძენად გვეჩვენება.
XS
SM
MD
LG