Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 24 აპრილი


დღევანდელი პრესა შეეცადა მეტი გაეგო საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას, საბერძნეთში დაკავების შესახებ. „ალია“ წერს, რომ დათა ახალაია საბრძნეთში შედიოდა თურქეთიდან ყალბი საბუთებით და შეჰქონდა დიდი ოდენობით ფული. „ალია“ დაჰკავშირებია ბერძნული სამთავრობო პოლიტიკური გამოცემის რედაქტორს კონსტანტინო კარფიას, რომელსაც უთქვამს: „ახალაია არსად არ გამოცხადებულა... შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად, რაკი დამიჭირეს, ბარემ თავშესაფარსაც მოვითხოვო, მაგრამ ვიმეორებ, ეს გამორიცხულია. როცა დააკავეს, არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში ოდესღაც მაღალჩინოსანი იყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი უდანაშაულოც რომ იყოს, საბერძნეთი ვერ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან, ჩვენი კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებზე ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული“, - უთქვამს ერთ-ერთი ბერძნული პოლიტიკური გამოცემის რედაქტორს.

„რეზონანსი“ წერს გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ჟლეტის ფაქტზე თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოანის გამოხმაურების შესახებ. მან მსხვერპლთა შთამომავლებს მიუსამძიმრა, თუმცა სიტყვა „გენოციდი“ არ უხმარია. „რეზონანსმა“ ერდოანის განცხადების შეფასება ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანს სთხოვა. სტეპანიანი თქმით, სომხეთში საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერდოანის განცხადება საკმარისი არ არის და „თუ მონანიება ხდება, უფრო ფართო ფორმით უნდა მოხდეს“. მეორე ნაწილი კი, არნოლდ სტეპანიანის აზრით, ერდოანის განცხადებას დადებითად შეაფასებს და „იტყვის, რომ ასეთი თამამი განცხადების გაკეთება ძალიან რთულია და ერდოანს სიტყვა „გენოციდის“ სახსენებლად დრო სჭირდება“.

„რეზონანსშივე“ წაიკითხავთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს: „2014 წელს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ვალს მილიარდ 636 მილიონი ლარით გაზრდის. აქედან მილიარდ 36 მილიონი ლარით საგარეო ვალი მოიმატებს, 600 მილიონი ლარით კი - შიდა ვალი“.

ბოლოდროინდელი პრესის მუდმივ თემად რჩება თვითმმართველობის არჩევნები. გაზეთი „პრემიერი“ თბილისის მერის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. მელია „ქართული ოცნებიდან“ თავის ოპონენტ დავით ნარმანიაზე ამბობს: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ დავით ნარმანია არის კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ბოროტებას არ ჩაიდენს. მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკულად 0%-ის ტოლფასი ექნება“. ნიკა მელია დასძენს, „ყველა კონკურენტს პატიივს ვცემო“.

„ახალ თაობას“ ნინო ბურჯანაძის პარტიის გარშემო შეკრებილი არასაპარლამენტო ოპოზიციური კოალიციის წევრი, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ოპონენტ პოლიტიკურ ძალებზე თავის აზრს უზიარებს: „ჩვენ თბილისელებს ვთავაზობთ ქართულ, თბილისურ არჩევანს და რასაც სთავაზობს „ქართული ოცნება“, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ... მელიაზე ლაპარაკი საერთოდ სამარცხვინოდ მიმაჩნია. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდის მიერ დასახელებული კანდიდატი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაიჭირონ“. ბაღათურია „ახალ თაობას“ ეუბნება, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმატების შემთხვეევაში, გაიზრდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობა: „მე არა მგონია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ აწყობდეს ღარიბაშვილს. ეს მისთვისაც გამოსავალია“.

დასასრულ, ხელოვნებაზე: გაზეთ „პრემიერში“ დასავლეთში მოღვაწე ქართველ ხელოვან გია ეძგვერაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ინტერვიუს ავტორი მას დიუსელდორფში დაჰკავშირებია. გია ეძგვერაძე ხელოვნებაში პროვოკაციის თაობაზე ამბობს: „რახან ყოველგვარი მაღალი ხელოვნების ზოგადი მიზანი - ინტელექტუალური თუ ემოციური - საზღვრების გადაწევაა, ამიტომ ასეთი ხელოვნება ყოველთვის პროვოცირებასთანაა დაკავშირებული. პროვოცირება მიზანი არ არის. პროვოცირება ხელოვნებაში ღირებული ნაბიჯის მომყოლი ეფექტია“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG