Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 8 მაისი


„ხელისუფლებამ ბიზნესში „ოდეერები“ ჩასვა?!“ - ამ სათაურით სტატია „პრემიერში“ ქვეყნდება. ავტორი წერს, რომ, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენელი „მხოლოდ სახელმწიფო უწყებებში კი არა, არასამთავრობო და კერძო სექტორშიც არის „ჩასმული““. გაზეთ „პრემიერისთვის“ წყაროს უთქვამს, რომ „ბოლო რამდენიმე თვეა მსხვილ კომპანიებში გაურკვეველი სტატუსის ადამიანები გამოჩნდნენ. ეს ადამიანები უმეტესად შუახნის მამაკაცები არიან. მათი ფუნქციები არავინ იცის, მაგრამ თანამშრომლები ამბობენ, რომ უცნობი მამაკაცები მათ თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ“.

გაზეთ „პრემიერში“ და მთლიანად დღევანდელ პრესაში კვლავაც მთავარ თემად რჩება ე.წ. „ანტიდიკსრიმინაციული კანონი“. დეპუტატი თამარ კორძაია „პრემიერს“ განუმარტავს: „როდესაც ეკლესია აპელირებს იმაზე, ვინ დაიცავს უმრავლესობის უფლებებს, უმრავლესობის უფლებები სინამდვილეში არ ილახება, არამედ ილახება ინდივიდის უფლება და ინდივიდი უმრავლესობის წინაშე ყოველთვის უმცირესობაა“.

„ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის“ ხელმოწერას ეხმაურება „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია: „პარლამენტისა და პრეზიდენტის საქციელი ამ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ პარლამენტი და პრეზიდენტი არ უნდა იყოს მარიონეტი. რატომ ვერ „გაქაჩა“ პრეზიდენტმა, რომ ვეტო დაედო მისთვის?.. იმიტომ, რომ მარიონეტები არიან. იმართებიან საზღვარგარეთიდან...“.
ამავე თემაზე „ახალი თაობის“ კორესპონდენტი ესაუბრა უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას: „ამის შიში აქვს ზოგს, რომ ეს კანონი ხომ არ არის იმის დასაწყისი, რომ მერე ერთსქესიანთა ქორწინებაც იყოს აქ დაშვებული. არა. ეს არ მოხდება. ამაში ჩვენ ერთმანეთს უნდა ვენდოთ. როგორ იქნება ეს კანონი ამის დასაწყისი, როცა კანონი გეუბნება, არ დაჩაგროო. თუ ოდესმე ასეთი საკითხი ბუნებაში დადგება, მაშინ ყველამ ერთი ამბავი უნდა ავტეხოთ და ეს არ დავუშვათ“.

„რეზონანსში“ დღეს ვრცელი სტატია ეძღვნება ყოფილი ბიზნესმენისა და ყოფილი პატიმრის, გენრიხ აროშიძის, ისტორიას. ის ჰყვება, თუ როგორ ჩამოართვეს მას ბიზნესი ძმებმა კოდუებმა და დავით კეზერაშვილმა, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი და მოხვდა ციხეში. „რეზონანსი“ წერს: „ყოფილი ბიზნესმენი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თავისუფლებას გრძნობს და ყოველდღე დაპატიმრებისა და გლდანის ციხეში მოხვედრის არ ეშინია, თუმცა ნერვების დამშვიდების მეტი მისთვის არაფერი შეცვლილა“.

„რეზონანსშივე“ ქვეყნდება ინტერვიუ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის წარმომადგენელ მუსა ტაიპოვთან. საუბარი ეხება უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებაში ჩეჩნების მონაწილეობის თემას. ტაიპოვი აცხადებს, „უკრაინაში არც ერთი ჩეჩენი მეომარი არ არისო“ და დასძენს: „თუკი უკრაინის ხელისუფლება იჩქერიის მთავრობას დასახმარებლად ოფიციალურად მიმართავს, არ გამოვრიცხავ, რომ, შეთანხმების საფუძველზე, ასეთი დახმარება აღმოჩენილი იყოს. მინიმუმ, პირადად მე, როგორც იჩქერიის მთავრობის პრეზიდიუმის წევრი, ოფიციალურ დონეზე დაბრკოლებას ვერ ვხედავ, დახმარებაზე უარი რატომ უნდა ითქვასო“, - ეუბნება „რეზონანსს“ მუსა ტაიპოვი.

გაზეთ „პრემიერს“ მივუბრუნდები. მასში ქვეყნდება ინტერვიუ ფერეიდნელ ქართველ, თეირანის უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგ ამინ ნაგელიანთან, რომელიც ამბობს, „ძალიან სამწუხარო რამ უნდა ვთქვა, ჩვენ საქართველოს მთავრობის იმედი არ გვაქვსო“. „რამდენჯერაც საქართველოს მთავრობას მივმართეთ, არანაირი დახმარება, ხელშეწყობა და ინტერესი მათგან არ დაგვინახავს. ელემენტარულად, წერილებზე პასუხებსაც კი არ იძლევიანო“, - ეუბნება „პრემიერს“ ფერეიდნელი ქართველი. ამინ ნაგელიანი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: „თუ გინახავთ გადაცემები, როგორია თქვენი წარმოდგენა ირანზე და ფერეიდნელებზე? ალბათ, ისეთი, როგორიც უმრავლესობისა, რომ იქ ისინი კარგად ვერ ცხოვრობენ. არადა, ჩამობრძანდით და ნახეთ, რა არის რეალობა. ირანში მცხოვრებმა ქართველებმა შეიძინეს უმაღლესი თანამდებობები, საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან. ფერეიდანი ის არ არის, რასაც თქვენ ხედავთ საქართველოს ტელევიზიაშიო“, ეუბნება გაზეთ „პრემიერს“ ფერეიდნელი ქართველი, თეირანის უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი ამინ ნაგელიანი.
XS
SM
MD
LG