Accessibility links

logo-print
სოსო მეშველიანი დიდი ხანი არ არის, რაც გამოჩნდა ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ უკვე მიიქცია ყურადღება თავისი პოეზიის როგორც ფორმის, ასევე შინაარსის და, რაც მთავარია, ახალი პოეტური აქცენტების მეშვეობით. აქცენტი სოსოსთან, სწორედაც რომ, გადამწყვეტია. ის ცხოვრებაშიც ასევე საუბრობს: გამოკვეთილი სვანური კილოთი, თითქმის ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ ზუსტი აზრობრივი და ემოციური მახვილებით.
მე კარგად მახსოვს მისი სულ პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები, მაშინვე გამორჩეული და საერთო ფონიდან ამოვარდნილი, ამას წინათ გამომცემლობა ,,ინტელექტში“ დასტამბულმა მისმა კრებულმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართულ ლიტერატურას ახალი, გამოკვეთილი ხმა და მნიშვნელოვანი პოეტი მოევლინა.

სოსოს წიგნს სვანური სახელოწდება აქვს. ,, მიჟლაჰარ“ სვანურად თურმე ,,მზის ჩასვლის ადგილს“ ნიშნავს, რომელიც მთებში თითქმის ყოველ კვირას იცვლება. პოეტი ამბობს, რომ სათაური გამომცემლობის შერჩეულია, მაგრამ თვითონაც მოსწონს და, საერთოდაც, მე მგონი, წარმატებული სათაურის ნიმუშია.

ამაზე მიფიქრია და სოსოსთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ გამახსენდა, რატომ არ წერენ სვანურად ან მეგრულად ჩვენი სვანი და მეგრელი პოეტები, რატომ ამჯობინებენ ისინი სალიტერატურო ქართულს და ეწირება თუ არა ამ არჩევანს პიროვნული და შემოქმედებითი თავისებურების ბევრი ნიუანსი.
ამასთან დაკავშირებით სოსო მეშველიანი ამბობს, რომ ეს პირწმინდად ტრადიციის ძალით ხდება და არც უფიქრია ოდესმე ლექსი სვანურად დაეწერა.
ძალიან ხშირად მე საქართველოს გარეთ მიწევს ყოფნა და ეს იყო ერთგვარი თავშესაფარი ჩემთვის. მე შევეფარე სიტყვას, რომ მთლად არ დავკარგულიყავი...

საერთოდ, სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისაგან განსხვავებით, პოეზიას, მელექსის ხელობას იქაურები არასერიოზულად უყურებდნენ და აღიქვამდნენ. ასეა დღესაც და, სოსო მეშველიანის თქმით, იგი ამიტომაც ერიდებოდა საკუთარი ნიჭის საქვეყნოდ გამჟღავნებას.
ამასთან დაკავშირებით მეშველიანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა:

,,ძალიან ხშირად მე საქართველოს გარეთ მიწევს ყოფნა და ეს იყო ერთგვარი თავშესაფარი ჩემთვის. მე შევეფარე სიტყვას, რომ მთლად არ დავკარგულიყავი. ზემო სვანეთი, არ ვიცი, მხვდება ხოლმე ხანდახან ინტერნეტში, ვისაც აინტერესებს, რაღაცნაირად აინტერესებს პოეზია, მაგრამ მე ჩემს კუთხეში წლების განმავლობაში არც გამიმხელია, რომ ლექსებს ვწერდი, არასერიოზულ საქმიანობად აღიქვამდნენ ამას, რომ ლექსს წერს, აი, პოეტი და რაღაც, ხევსურებისგან განსხვავებით (ხევსურეთში ხომ ყველა პოეტია), და სულ მიკვირდა, ამხელა სხვაობა როგორ უნდა იყოს, ხო ორივე მთის ხალხია, მით უმეტეს, სვანეთში თუ ვინმე პოეტია, სიღრმისეულობით ყველა გამოირჩევა რაღაც სასწაულად. თუ გინდა, ესმა ონიანი თქვი, თუ გინდა, ბორენა თქვი, ჯაჭვლიანი, წერედიანზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...“

აქ ჩამოთვლილმა პოეტებმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული ლექსის განვითარების საქმეში. დავით წერედიანის მონუმენტურ ფიგურას რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუაზრებელია დღემდე ის, რაც ესმა ონიანმა თავის დროზე ქართულ პოეზიაში გააკეთა და ისიც, რა სიახლეები მოიტანა ბორენა ჯაჭვლიანმა. ამაზე სერიოზული დაფიქრება ნამდვილად ეგების.

რაც შეეხება თვითონ სოსო მეშველიანის კრებულს, წიგნს ეტყობა, რომ დიდი შინაგანი და ფიზიკური ემიგრაციის ნაყოფია, ერთგვარი სულიერი მსხემობის შედეგი, როცა პოეზიას, როგორც ლოცვას, სულის გამაძლიერებლის ფუნცქია ენიჭება და ის ცხოვრების რაღაც მონაკვეთში ადამიანის ერთადერთ რეალურ თავშესაფარს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არც ის არის, სად იქნები - უცხოეთში თუ მშობლიურ ჭერქვეშ, სადაც შენი ან სრულებით, ან კარგად არ ესმით და ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეგებ მარტოობა უფრო აუტანელიც იყოს, ვიდრე სადღაც შორს, უცხოტომელებში.
ნაჯაფარ ხელებს წვიმას უშვერს - არსებობს, არის, ტანჯვით ცხოვრება ღმერთისაგან აქვს ნაბრძანები, სად დედაჩემის ხელისგული, საწყალი ქალის, სად დაგვალული მიწის ბზარები...


ამიტომაც სოსო მეშველიანის ლექსების ლირიკული გმირი გაუცხოებული, უფრო სწორად, თემისაგან განსხვავებული ადამიანი და მისი პრობლემაა ერთგვარი მენტალური უმცირესობა, რომლის მარტოობაც კიდევ უფრო აუტანელია, ვიდრე სხვა ნებისმიერი უმცირესობის, რომელსაც ამა თუ იმ ნიშნით მაინც შეუძლია რომელიმე ჯგუფთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია და თვითრეალიზება მოახერხოს.

საქართველოს მთიან სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი კი, რომლისთვისაც პოეზია სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი მისაღები ფორმაა, უკვე თავიდანვე დიდი მარტოობისათვის არის განწირული. ამიტომაც ის ტრაგიკული სიმაღლე, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილი პოეზიის აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს, სოსო მეშველიანის ლექსებში არა გარედან თავსმოხვეული, არამედ შინაგანი კანონზომიერებით ნასაზრდოები და თითქმის დაბადებიდან თანშეზრდილი სინამდვილეა. ამ სინამდვილეში შეგიძლია ლექსს, მაგალითად, ,,ლობიოს ლურჯი ყვავილი“ დაარქვა და ეს ლექსი მამის ხსოვნას მიუძღვნა. ანდა დედაზე ასეთი მოულოდნელი სტრიქონები დაწერო:

,,ნაჯაფარ ხელებს წვიმას უშვერს - არსებობს, არის, ტანჯვით ცხოვრება ღმერთისაგან აქვს ნაბრძანები, სად დედაჩემის ხელისგული, საწყალი ქალის, სად დაგვალული მიწის ბზარები“.

სოსოსთან ეს პირველადი, ერთი შეხედვით, ძალიან ნედლი შეგრძნებებია ყველაზე ფასეული. ბუნებასთან ეს დაუძაბავი თანაზიარობა, რომელიც ხანდახან ისეთ მიწიერ და ხელშესახებ ფორმას იღებს, რომ ლამის მთელ სამყაროსთან სექსუალური აქტის, უფრო ზუსტად სამყაროთი სექსუალური გათანგულობის შეგრძნებას გიტოვებს.

სექსუალურობაზე გამახსენდა. ამას წინათ დიდი ხმაური მოჰყვა სოსოს ერთ ლექსს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ლექსი ტურისტული შთაბეჭდილებით იყო დაწერილი და სადღაც, მეორე პლანზე, სავსებით აპათიურად, ნახსენები იყო გეიბარიდან გამოსული ერთი ბიჭი, რომელსაც პოეტი სრულიად გულგრილად უყურებს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა მთლიანად ლექსი, მაგრამ პოეტს სრულიად სერიოზულად დაუპირისპირდნენ, ძირითადად, მისივე თანაკუთხელები და მეშველიანს ამ უწყინარი ლექსის თაობაზე არაერთი უსიამოვნო განმარტების მიცემა მოუხდა.

ამ ინციდენტს აქ ნამდვილად არ გავიხსენებდი, რომ არა ერთი გარემოება: საქმე ის არის, რომ ყოველგვარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ადამიანის სტიგმატიზაციასა და გარიყვას უწყობს ხელს, - მნიშვნელობა არა აქვს, ეს იქნება კანის ფერი, სოციალური წარმომავლობა, რელიგიური აღმსარებლობა, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაცია, - დიდი ანგარიშით, არაფერია იმასთან შედარებით, რითაც პოეზია ,,ემუქრება“ სიყალბესა და ფარისევლობას: ეს არის ყოვლისმომცველი თანაგრძნობა და სიყვარული, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი და, საერთოდ, ყველა ცოცხალი არსება.
ამ სიყვარულის ნასხლეტია სოსო მეშველიანის პოეტური კრებული ,,მიჟლაჰარ“, რაც სვანურად ,,მზის ჩასვლის ადგილს“ ნიშნავს, მაგრამ, ამ წიგნის სათაურიდან გამომდინარე, პირადად მე ეჭვს არ მიტოვებს, რომ ის ახალი, ძალიან თვითმყოფადი, საინტერესო და გულმართალი პოეტის ამობრწყინების ადგილია.
XS
SM
MD
LG