Accessibility links

პროკურორების მივლინების გამო უგულავას პროცესი ისევ გადაიდო


გიგი უგულავა

გიგი უგულავა

5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო, აღუდგებოდა თუ არა თბილისის ყოფილ მერს შეწყვეტილი უფლებამოსილება, მაგრამ ბრალდების მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. პროკურორებმა მიზეზად სასამართლოსათვის გაგზავნილ განცხადებაში ბათუმში ათდღიანი მივლინება დაასახელეს და პროცესის ამავე დროით გადადება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ შემდეგი სხდომა 10 ივნისს დანიშნა.

პროკურორების (გიგა ძნელაძე, ქეთევან ჩაჩავა და ნათია სონღულაშვილი)
განცხადება საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესზე მოსამართლე მაია შოშიაშვილმა წაიკითხა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს განცხადებით 4 ივნისს, საღამოს, მიმართა და ბათუმში ათდღიანი მივლინების შესახებ აცნობა. პროკურორები განცხადებაში განმარტავდნენ, რომ მათ „ზედამხედველობა უნდა გაუწიონ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეს და დაესწრონ სემინარს კიბერდანაშაულის შესახებ“.

მოსამართლის მიერ წაკითხულ განცხადებას მაშინვე მოჰყვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას რეპლიკა: "გასაგებია, რატომ ხდება ეს", - თქვა მან.

სასამართლო ათი დღით არა, მაგრამ 10 ივნისამდე გადაიდო.
თავად გიგი უგულავამ სხდომაზე ისიც თქვა, რომ ბავშვიც კი არ დაიჯერებს პროკურორების სემინარზე ყოფნის ფაქტს. მისივე თქმით, პროკურატურა შეეცდება მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დრო გაწელოს, 15 ივნისს კი უკვე არჩევნებია. უგულავა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი მერად აღდგენა არ არის.
გასაგებია, რა შიში აქვს ღარიბაშვილს ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში. მას აქვს შიში, რომ მე მთავრობაზე მივალ და თვალებში ჩავხედავ ამ მატყუარა ადამიანს...

„ეს საკითხი იმიტომ დავაყენე, რომ 15-ში, როცა საქართველოს მოსახლეობა აირჩევს მერებს და გამგებლებს, ისინი ისევ ისეთი პარტიზანული წესით არ გადააყენონ“, - თქვა გიგი უგულავამ.

„შეუძლებელია ამ ფაქტს იუმორის გარეშე შევხედოთ. ცხადია, ეს ხალხი არანაირ სემინარზე არ არიან და არც საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებენ. გასაგებია, რა შიში აქვს ღარიბაშვილს ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში. მას აქვს შიში, რომ მე მთავრობაზე მივალ და თვალებში ჩავხედავ ამ მატყუარა ადამიანს. ეს შიში, როგორც ჩანს, ივანიშვილიდან გადმოჰყვა, როცა მე მასთან შეხება მქონდა ასევე მთავრობის სხდომაზე. ნუ დარდობთ, მეგობრებო, საქმეს მიხედეთ, 100 ქარხანა აამუშავეთ. მე არც მთავრობის სხდომაზე ვაპირებ თქვენთან მოსვლას და არც აღდგენისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით კი, ბრალდების მხარემ სხდომაზე გამოცხადებას თავი აარიდა გასაგები მიზეზების გამო:
„ცხადია, რომ ბრალდებას ეშინია იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილების, რაც გიორგი უგულავას თანამდებობაზე აღდგენას შეეხება. ის, რომ თითქოს ოთხი პროკურორი ერთ დღეს მიავლინეს ბათუმში, არანაირ შეფასებას არ ექვემდებარება“.

შეგახსენებთ: თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენას მოითხოვდნენ. ამ ამბავს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2014 წლის 23 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.

მაშინ გიგი უგულავამ განაცხადა,რომ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.

საქალაქო სასამართლოში უგულავას ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ ბრალდების მხარემ მასალის გასაცნობად დრო ითხოვა.
ჩემთვის არც მაშინ იყო მერი გიგი უგულავა და არც ახლაა და მგონია, რომ ასე ფიქრობს თბილისი მოსახლეობის 99%...

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვით ადრე, 2013 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი „თბილისის განვითარების ფონდიდან“ მართლსაწინააღმდეგო გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისათვის წაუყენა. პროკურატურის განცხადების თანახმად, თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით მიითვისეს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაფინანსებას მოხმარდა.

გიგი უგულავასთვის მერობის უფლებამოსილების აღდგენა-არაღდგენის საკითხს მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მოსამართლის სინდისზე იქნება, რას გადაწყვეტს გიგი იგულავას საქმეზე.

„ჩემთვის არც მაშინ იყო მერი გიგი უგულავა და არც ახლაა და მგონია, რომ ასე ფიქრობს თბილისი მოსახლეობის 99%“.

უმცირესობაში კი ფიქრობენ, რომ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლას ბოლომდე. ამ აზრს იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძეც, რომლის განცხადებით, გიგი უგულავას არანაირი ინტერესი არა აქვს დარჩენილი ათი დღე მერის კაბინეტში გაატაროს.
XS
SM
MD
LG