Accessibility links

დღევანდელი პრესა ირაკლი ღარიბაშვილის 4 ივნისის პრესკონფერენციას ეხმაურება. „რეზონანსი“ ყურადღებას ამახვილებს მედიის მიმართ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებაზე. სტატიის სათაურია - „მთავრობის მედიაპოლიტიკის ხარვეზები“. „რეზონანსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტმა ელდარ პირმისაშვილმა უთხრა: „ჟურნალისტისთვის იმის თქმა, რომ ის წარმოადგენს რომელიღაც პოლიტიკურ გაერთიანებას, მაშინაც კი მიუღებელია, როცა კონკრეტული პირი მართლაც შეიძლება მოიაზრებოდეს ამა თუ იმ გუნდის ქვეშ“, - ამბობს პირმისაშვილი და თვლის, რომ მედიასაშუალების „ობიექტურობა-არაობიექტურობის განსაზღვრა და მედიისთვის შეკვეთის მიცემა პოლიტიკოსების კომპეტენციის საზღვრებს სცილდება“. ამავე სტატიაში გაეცნობით მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის მოსაზრებასაც: „დღევანდელ ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მედიას უფრო მეტი მოუსმინონ და წინა მთავრობის მაგალითი გაითვალისწინონ. მათაც მეტი რომ ესმინათ მედიისთვის, დღეს სხვა შედეგები იქნებოდა“.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ირაკლი ღარიბაშვილს „ალიის“ ფურცლებიდან ურჩევს გააძლიეროს წერტილოვანი დარტყმები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – „ოღონდ, იუმორის ფონზე. რამდენი სერიოზულად მივუდგებით „ნაციონალების“ საკითხს, იმდენი გაძლიერდებიან. რატომღაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ სერიოზულად ეკამათებიან და ასევე სერიოზული პოზიცია უკავიათ ამ პარტიის მიმართ, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

„ალიაშივე“ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილის შეფასებებსაც გაეცნობით. ის თვლის, რომ ღარიბაშვილის ლაპარაკი „უსისტემო, ქაოსური“ იყო. ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, არ დაუჯეროს დანაშაულის შემცირების შესახებ მისთვის მიწოდებულ სტატისტიკას და გადაამოწმოს: „ვინ ისვრის თბილისის ქუჩებში, ვინ იჭრება, ვინ იხოცება, ვინ სჩადის ქონებრივ დანაშაულებს მოქალაქეების წინაშე, ვინ აყაჩაღებს მაღაზიებსა და ბანკებს“.

ქართული გაზეთები კვლავ ცდილობენ აფხაზეთში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო სცენარების გაანალიზებას. „ახალ თაობაში“ ქვეყნდება ინტერვიუ აფხაზეთის უშიშროების ყოფილ მინისტრ ლევან კიკნაძესთან. ის ამბობს: „არასწორად მიმაჩნია ზოგიერთი ექსპერტის მიერ ხაჯიმბას თავგადაკლულ პრორუსულად მოხსენიება. ხაჯიმბა რომ ფსბ-ს გენერალია, მას, როგორც რუსეთის სპეცსამსახურის მაღალი რანგის ოფიცერს, ბევრს ავალდებულებს, მაგრამ ამის გამო მას არასოდეს თავის პრინციპებისთვის არ უღალატია, რადგანაც მისთვის ძირითადი განმსაზღვრელი ყოველთვის თავისი ხალხის კეთილდღეობა იყო, რომლის მისაღწევად, მართალია, სეპარატიზმის დამღუპველი გზა აირჩია, მაგრამ დღემდე დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ეს გზა აფხაზ ხალხს სრულ გამარჯვებამდე მიიყვანს“.

გაზეთ „პრემიერის“ ავტორი კი ფიქრობს, რომ აფხაზებს არ უნდა აწყობდეთ გალის რაიონის ქართველებისგან დაცლა. გალის ერთ-ერთ მცხოვრებს მისთვის უთქვამს: „გალის რაიონი ინახავს მთელ აფხაზეთს. ჩვენი რაიონით უდგათ სული სოხუმსა და გაგრას. ზუგდიდიდან შემოდის თითქმის ყველაფერი, რაც მერე სოხუმსა და გაგრაში იყიდება - დაწყებული სურსათით, დამთავრებული ავეჯით“. „პრემიერის“ ავტორის აზრით, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე გონივრული პოლიტიკა ახლა მოვლენებზე ჩუმად დაკვირვება და აფხაზებისგან შემოთავაზების მოლოდინი იქნება.

„პრემიერში“ გრძელდება მსჯელობა ევროკავშირთან ასოცირების ხელმომწერის ვინაობაზე. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაზეთს განუმარტავს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება პრეზიდენტს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა აუკრძალოს; რომ პრეზიდენტისგან ყველაზე მართებული ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა იქნებოდა და რადგან ამის გაკეთებას არ აპირებს, გამოსავალი, ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, ის იქნებოდა, რომ ბრიუსელში ორივე წავიდეს - პრეზიდენტიცა და პრემიერ-მინისტრიც. პრეზიდენტი დელეგაციის ხელმძღვანელი იყოს, პრემიერმა კი დოკუმენტს მოაწეროს ხელი.
XS
SM
MD
LG