Accessibility links

logo-print

“ინდულგენციები სამოთხისთვის“


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

ღამის 11 საათია. კარზე ზარი. ისედაც მარტოობისგან შეშინებული, ზარის ხმაზე უფრო ცუდად ვხდები. არადა, არავის ველოდები. ფეხაკრეფით მივდივარ კართან და ვიხედები. კარის მეორე მხარეს, პლასტმასის ყუთმომარჯვებული ახალგაზრდა ბიჭი დგას. არ ვიცნობ, კარსაც არ გავუღებ, რა თქმა უნდა.
-რა გნებავთ?,-ვეკითხები
-ახლადმშენებარე ეკლესიას ხომ ვერ დაეხმარებით?,-სხაპასხუპით და დაყენებული ხმით მეკითხება ახალგაზრდა ბიჭი.
-დიდი ბოდიში, არ მაქვს, მართლა,- უხერხულად ვიმართლებ თავს და უცებ ბიჭი მეუბნება:
-აუ, გეხვეწები, ლიფტის ფული მაინც მომეცი უკან ჩასასვლელი. აქედანაც ფეხით თუ ჩამიყვან, დაიკო, რა.
მე მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ!
არ ვიცი ვის, არ ვიცი რას, არ ვიცი რა მიზანს ემსახურება ეს ყოველ ფეხისნაბიჯზე გაწვდილი ხელები და დახმარების თხოვნა, თუმცა ფაქტია, რომ ქართველებმა ფულის კეთების ახალ გზას მივაკვლიეთ და არც ერთი ბიზნესი ისე წარმატებით არ მუშაობს საქართველში, როგორც „დავეხმაროთ მშენებარე ეკლესიებს“, „პატარა ნინიკოს სიცოცხლის გადასარჩენად“, „მრავალშვილიან ოჯახს შიმშილით სიკვდილი ემუქრება“ და ა. შ. ამგვარად ვცდილობთ სხვისი სიცოცხლეც გადავარჩინოთ და საკუთარი სულებისთვისაც გავინაღდოთ ადგილი სასუფეველში. ნამდვილად გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ მოხუც ბებია-ბაბუებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნათ. შავრეიბანიანი ახალგაზრდა ბიჭები, ზაფხულში ყელზე „პლანისნახატიანი“ ბენდენები რომ აქვთ მოგდებული, ხელში პლასტმასის ყუთები უჭირავთ და ყველა გამვლელს „პატარა ნინიკოს სიცოცხლის გადარჩენას“ ჯერ კიდევ ვერდაყენებული ძველბიჭური კილოთი რომ სთხოვენ. იოლი შემოსავალია, არა? სულაც არ იცი ვინაა პატარა ნინიკო. ინტერნეტში მსგავსი სურათების მეტი რა დევს. შენ ფოტოს დააკოპირებ, მერე ამობეჭდავ, სახელდახელოდ რაღაც ნომრებსაც მიაწერ, ბანკის ანგარიში უკვე სერიოზული დამაჯერებლობის გამოვლინებაა, ყუთს დალუქავ, გამოდიხარ, ქუჩაში დგები და ითხოვ დახმარებას იმ ნინიკოსთვის, რომელიც ვინ იცის მართლა კვდება, შენ კი ერთხელაც არ გინახავს თვალით. რატომაა დროის კარგვა. დღეში რამდენიმე კოლოფი სიგარეტის ფულიც რომ მოაგროვო ეგეც საქმეა. თუ ქუჩაში მდგარმა დღემ მთლად წარმატებით ვერ ჩაიარა, ადგები და კორპუსების მეტი რა არის? მიხვალ და ყველა ოჯახში სათითაოდ დარეკავ ზარს, მერე დაზეპირებული ტექსტით დახმარებას სთხოვ, ოღონდ ეგაა უნდა გიღირდეს ეს ამდენი სიარული და კარდაკარ მოწყალების თხოვნა. დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენს ღრიჭინს რამედ ჩააგდებენ და ნინიკოს გადასარჩენად „მაყუთსაც“ იშოვი.
ზოგი ნინიკოს ეხმარება, ზოგი მშენებარე ეკლესიას, რომელიც კაცმა არ იცის მართლა შენდება თუ არა,ზოგი ღვთისმშობლის ხატებს გაჩეჩებს, სანაცვლოდ 1 ლარს გთხოვს. თუ ტვინი გაქვს, დაფიქრდები და მიხვდები, რომ ეს შენი სულის გადასარჩენად ხდება. თანამედროვე ინდულგენციები, რომლითაც შენი ცოდვები უნდა გამოისყიდო, სამოთხის ბარათებია. იმაზე არ იფიქრო, რომ სახლში ხატების კუთხე გადავსებული გაქვს და აღარ იცი სად წაიღო, ჩანთაში ჩაიწყობ, საფულეში ჩაიწყობ. კურთხეული და დალოცვილი ივლი ყველგან. ღირს დაფიქრებად !
თუ შენს ცოდვილ ტვინში დაიბადა კითხვა: „სად მიდის ის 25 მილიონი, რომელსაც ჩვენი საკუთარი ჯიბეებიდან ვუხდით საპატრიარქოს?“,-ლოცვად უნდა დაემხო და სთხოვო გამჩენს, განდევნოს ეს მაცდური ფიქრები შენი გონებიდან. არც კითხვის დასმა შეიძლება და არც პროტესტის გამოთქმა. სასწრაფოდ გადი და მთელი შენი ფული „ნინიკოების გადარჩენაში“ „მშენებარე ეკლესიებში“ ჩაყარე და დააბანდე.
არც იმაზე უნდა იფიქრო, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ბიზნესია და არანაირი ნინიკოები არ არიან ცუდად და არანაირ ეკლესიებს არ ვაშენებთ. ყველაზე კარგი ის რწმენაა, როცა არაფერი არ იცი, ვერაფერს ვერ ხედავ და არაფერი არ გესმის.
რაც უფრო მეტად ვფიქრობთ, ჩვენ ქართველები, მით უფრო მეტად გვაოცებს საკუთარი თავები და საკუთარი თავების კრეატიულობა. ვფიქრობთ და ვიგონებთ გამდიდრების ისეთ ხერხებს, ჩვენს მამა-პაპათ რომ არც უფიქრიათ. ვფიქრობთ და ვმდიდრდებით. ვმდიდრდებით პატარა ნინიკოების, ეკლესიების, გაჭირვებული ოჯახების ხარჯზე. ვჭამთ მათს წილ დახმარებას და მშვიდად ვაგროვებთ მოსანანიებელ ინდულგენციებს. ოღონდ ეგაა, ის აღარ ვიცით მერე რა იქნება. მოქმედებს კი ეს ჩვენი სამოთხის ბარათები, თვითონ სამოთხის სალაროებში?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG