Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საქალაქო სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე


მოსკოვის საქალაქო სასამართლო 9 ივნისს გამოაცხადებს განაჩენს „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. განსასჯელთა სკამზე ხუთნი სხედან: ძმები - რუსტამ და ჯაბრაილ მაჰმუდოვები, მათი ბიძა - ლომ-ალი გაიტუკაევი და მილიციის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ჰაჯიყურბანოვი. მაისის ბოლოს ეს პირები დამნაშავეებად ცნეს ნაფიცმა მსაჯულებმა. ვერდიქტის განხილვის დროს პროკურორმა ორი განსასჯელისთვის - ლომ-ალი გაიტუკაევისა და რუსტამ მაჰმუდოვისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. დანარჩენებისთვის სახელმწიფო ბრალმდებელი ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები თავიანთ კლიენტებს უდანაშაულოდ აცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო საქმეს წინასწარი მოსმენის სტადიასა და ნაფიც მსაჯულთა ახალი კოლეგიის მოწვევის სტადიაზე დაააბრუნებს. ახლანდელი კოლეგია უკვე მესამე იყო. პირველი პროცესი, რომელიც მოსკოვის საოლქო-სამხედრო სასამართლოში 2008-2009 წლებში გაიმართა, გამამართლებელი განაჩენით დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა განსასჯელი უდანაშაულოდ ცნეს. რუსეთის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გააუქმა გამამართლებელი განაჩენი და საქმე - წინასწარ გამოძიებაში, იქიდან კი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დააბრუნეს. მეორე პროცესი გასული წლის შემოდგომაზე შეწყდა ნაფიც მსაჯულთა დათხოვნის გამო. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მსაჯულთა ახალი კოლეგია შეუდგა საქმის განხილვას. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში მისივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს. დღემდე არ არის ნაპოვნი დანაშაულის შემკვეთი.
XS
SM
MD
LG