Accessibility links

მარკინი: სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადდება


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადდება, რადგან ის საერთაშორისო იმუნიტეტით სარგებლობს. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, მასთან საუბარში მარკინმა თქვა, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაურებს - როგორც მოქმედს, ისე ყოფილს - იცავს იმუნიტეტი, ამიტომ საქმე ეხება საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არა სააკაშვილზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვა ყოფილ წევრებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ომთან. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მარკინმა „იტარ-ტასს“ უთხრა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის ძებნილად გამოცხადებას, რადგან ისინი, მარკოვის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიზნად ისახავდნენ ოსების სრულად განადგურებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ პირებმა დაკარგეს თანამდებობები და იმუნიტეტი, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს მათი ბრალდებულად ცნობის და საერთაშორისო ძებნის საკითხს - განაცხადა მარკინმა.
XS
SM
MD
LG