Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილის განცხადებით, ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს მეტი მოტივაცია ექნებათ და თავის არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებენ. ღარიბაშვილის შეფასებით, 15 ივნისი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის ისტორიული დღე იყო. „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, გამართულად და დამოუკიდებლობად მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ხელისუფლება არაფერში ჩარეულა“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამომრჩევლებს, კანდიდატებს, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატება მიულოცა. "ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქსა და სოფელში და დავამტკიცეთ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ როცა დღევანდელმა ხელისუფლებამ 50%-იანი საარჩევნო ბარიერი დააწესა, მეორე ტურის ალბათობა გაცნობიერებული ჰქონდა. „ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე, რათა ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და სასურველი კანდიდატები რეალურად აირჩიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტურს დამატებითი დაფინანსება სჭირდება, თუმცა ეს ხარჯი გამართლებულია, რადგან არჩევნების მეორე ტურის პრეცედენტი ქვეყანას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია თბილისის მერი გახდება. „როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG