Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსევდო მორალით სამოთხისკენ


ავტორი: ნინო გიუნაშვილი

სხვადასხვა განმარტებებით მორალი არის ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებისა და ყოფაქცევის ფორმა, რომელიც გარკვეულ მაღალ ღირებულებებს ეყრდნობა. ეს არის ზღვარი მისაღებ და მიუღებელ ქცევას შორის.
საინტერესოა როგორი მორალი გვაქვს?!
სად ვავლებთ ზღვარს მისაღებ და მიუღებელ ქცევას შორის?!
ბოლოს და ბოლოს ამაზე ვაგებთ მთელს ჩვენს შეგნებულ ცხოვრებასა და სიკვდილის შემდეგ ცხოვრების ავ-კარგიანობაც უმეტესწილად აწმყო ქცევებზეა დამოკიდებული.
პირადმა დაკვირვებამ დამიტოვა განცდა, რომ:
მთავარია ადამიანთა თავისუფალი თვითგანვითარება არ დავუშვათ ჩვენს აშენებულ, დალაგებულ და განათლების დონით ერთ-ერთ პირველ(მერე რა, რომ ბოლოდან ერთ-ერთ პირველ) ადგილზე მყოფ ქვეყანაში და კრიზისიდანაც გამოვალთ, საოცნებო ნატოშიც შევალთ და ბოლოს სამოთხესაც დავდებთ პატივს ჩვენი მტკიცე და სიწმინდეთა დაცვისთვის ბრძოლაში დაღლილი სულების იქ დაბინავებით.
ვინ რა უნდა გვასწავლოს?!
გადახედოს ევროპამაც და ამერიკამაც ჯერ ჩვენს, და შემდეგ თავის ისტორიასა და კულტურას!
მერე რა, რომ ახლა ჩვენი სიწმინდე იმაზეა დამოკიდებული, რა მასალისგან დამზადებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გვიდევს საფულეში, სხვადასხვა ბანკების პლასტიკურ ბარათებთან ერთად;
მერე რა, რომ დედა ეკლესიის ძირითად დანიშნულებად ხალხის ერთ მუშტად შეკვრა იქცა, რომელიც პერიოდულად საზოგადოების განსხვავებულ წარმომადგენლებს ხვდებათხოლმე;
მერე რა, რომ სრულიად ერი დიდი გრძნობითა და გატაცებით ვუკრავთ ტაშს ტაბურეტით ხელში და ანთებული თვალებით მორბენალ სასულიერო პირებს;
მერე რა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური ფიგურები „გეი აღლუმების“ არ დაშვების დაპირებით აწონებენს თავს ამომრჩეველს;
მერე რა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრესიით არის განწყობილი კანონის მიმართ, რომლის ერთი წინადადებაც კი არ წაუკითხავს;
მერე რა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი საამაყოდ მიგვაჩნია და უმცირესობის წარმომადგენლის ყოველი შეურაცხყოფის შემდეგ იმ გმირად ვგრძნობთ თავს, რომელიც ქართველობის შენარჩუნების ეკლიან გზას ღირსეულად მიუყვება;
მერე რა, თუ გვგონია, რომ ჩვენი შვილების ფსიქიკაზე ხელჩაკიდებული ბიჭების(გოგონების) დანახვა უფრო დიდ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე დედის ცემა-ტყეპის სისტემატიური ყურება(მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობას ოქროს ხანა უდგას ჩვენს ქვეყანაში).
მერე რა, რომ ღირსებისა და მორალის დაბალი სტანდარტი გვაქვს. მთავარია მკერდზე მჯიღის დარტყმა (ხანდახან სხვის მკერდზეც) არ გვეზარება და შვილებსაც ამ სულისკვეთებით ვზრდით.
ოდესმე კი, როცა ჩვენს დიად მისიას შევასრულებთ, მშვიდად დავხუჭავთ თვალებს, რადგან გვეცოდინება, რომ ამდენი ამდენი წვალების, ამდენი ტანჯვის, ამდენი უმცირესობის წარმომადგენლის ცემისა და გინების, ამდენი „ჩემი დედა...“-ს შემდეგ, ჩვენმა დაღლილმა სულებმა მოიპოვეს მორალური უფლება სამოთხეში იპოვონ სამარადისო განსასვენებელი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG