Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ მოამზადა პრემიების ახალი წესით გაცემის პროექტი


საქართველოს მთავრობამ მოამზადა პრემიების ახალი წესით გაცემის პროექტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე 26 ივნისს განიხილება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ხანს საზოგადოებაში სამართლიანი უკმაყოფილება და შეკითხვები გამოიწვია სახელმწიფო მოხელეების და მაღალი თანამდებობის პირების განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრემიებმა. კობახიძის თქმით, საქართველოში წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული მაღალი პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა და ამ დრომდე არ არსებობდა მათი გაცემის ერთანი წესი, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ გადაწყვეტილებებს და საბიუჯეტო თანხების გაუმართლებელ და უკონტროლო ხარჯვას. ნინო კობახიძის ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პრემიების გაცემის ახალ წესზე პრემიერ-მინისტრის დავალებით იმუშავეს მთავრობის ადმინისტარციამ და საჯარო სამსახურის ბიურომ, რომლებმაც ევროპის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გაითვალისწინეს და საქართველოს რეალობას მიუსადაგეს. „ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ პრემიის გაცემა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ თანამდებობის პირების გადაწყვეტილებაზე, ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და გამორიცხული იქნება ნებისმიერი თვითნებობა“, - განაცხადა ნინო კობახიძემ. მისი ინფორმაციით, უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა და მისი გაცემის პერიოდულობა და შემცირებულია წრე იმ პირებისა, რომლებსაც პრემიის გაცემის უფლებამოსილება აქვთ. ნინო კობახიძის განმარტებითვე, ახალი წესებით, ხელმძღვანელ პირს აეკრძალება საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერა.
XS
SM
MD
LG