Accessibility links

logo-print

საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებს


საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების შეთანხმებებს. ამ მოვლენას განიხილავენ სამი ქვეყნის მიერ დასავლეთისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, „ამ დღეს მომავალი თაობები გაიხსენებენო“. ვან რუმპემაც და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმაც, ჟოზე მანუელ ბაროზუმაც ხაზგასმით განაცხადეს, რომ შეთანხმებების მიზანი არ არის რუსეთისთვის ზიანის მიყენება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული ოჯახის წევრად ქცევა საქართველოს „მტკიცე ნებას“ წარმოადგენს: „არაოფიციალურად, ჩვენ დღეს [ევროკავშირში] გაწევრიანებაზე შევიტანეთ განაცხადი. ოფიციალურად კი ვნახოთ რა იქნება, ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ. თუმცა შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შევასრულოთ“ . ამასთან, ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მზად ვართ ამ შეთანხმებით განპირობებული სარგებელი და შესაძლებლობები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც გავუზიაროთო“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, იურიე ლეანკამ თქვა, რომ შეთანხმებები მის ქვეყანას „მომავალს“ უქმნის. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა: „ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინამ რაც შესაძლებელი იყო, ყველაზე მაღალი საფასური გადაიხადა, რათა თავისი ევროპული ოცნება აეხდინა“. გასული წლის ნოემბერში, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოულოდნელმა უარმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე ბიძგი მისცა ევრომაიდნის გამოსვლებს, რამაც თებერვალში მისი დამხობა მოიტანა.

XS
SM
MD
LG