Accessibility links

logo-print

გიგი უგულავას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დღევანდელ განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ უგულავას, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, სხვა პირებთან, მათ შორის მის ქვისლთან გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორ ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან მართლსაწინააღმდეგოდ შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფული. საგამოძიებო სამსახურის განცხადებითვე, თანხა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყო განკუთვნილი. გამოძიების ინფორმაციით, ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია "ექსიმუს ჰოლდინგიდან", რომლის დირექტორი ბრალდებულის სტატუსით ძებნილი ალექსანდრე გოგოხიაა, ფიქტიური ხელშეკრულებით თანხა ირიცხებოდა ჯერ სხვა ოფშორული კომპანიის "ბრუქთრეიდის" ანგარიშზე, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში. საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, საქართველოში კონვერტაციის შემდეგ თანხას იღებდა გიორგი ღონიაშვილი, რომელიც უკანონო შემოსავალს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გადასცემდა გიგი უგულავას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში უნდა გადმორიცხულიყო მილიონ-ნახევარი დოლარი, თუმცა ოპერატიულ-სამძებრო ზომების შედეგად ამ თანხიდან ქვეყანაში აღმოჩნდა მხოლოდ 760 ათასი, რომელიც უგულავამ პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა. ამავე საქმეზე რამდენიმე კვირის წინ დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, რომელიც გიგი უგულავას ქვისლია, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თბილისის ყოფილ მერს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიგი უგულავა დღეს დილით დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც კიევში მიემგზავრებოდა.

XS
SM
MD
LG