Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი 10 ივლისს უშიშროების საბჭოს მიაწოდებს ინფორმაციას ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე, იმ ფონზე, როცა ადგილზე იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. 15-წევრიანი საბჭოს სხდომა თბილისის დროით საღამოს 6 საათზე დაიწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ გატარებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ბან კი-მუნმა 9 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, ადგილზე სიტუაცია „შემაშფოთებელი და მღელვარეაო“. ისრაელის არმიამ 10 ივლისს განაცხადა, რომ წუხელ 322 სამიზნე იქნა მიზანში ამოღებული. ამით სამიზნეების საერთო რაოდენობამ 750-ს მიაღწია ჰამასის საწინააღმდეგო ოპერაციის დაწყების შემდეგ. თავის მხრივ, ექსტრემისტებმა გააგრძელეს ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების სროლა. ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სულ მცირე 11 ქალი და 18 ბავშვი. ისრაელის მხრიდან განხორციელებული იერიშის შედეგად 10 ივლისს შვიდი ადამიანი დაიღუპა ღაზაში მდებარე ქალაქ ხან იუნისში.

XS
SM
MD
LG