Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ხუთშაბათისთვის გადადო რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესება


რუსეთისათვის იარაღის მიყიდვის საპროტესტო პლაკატი
რუსეთისათვის იარაღის მიყიდვის საპროტესტო პლაკატი

რუსეთის მიმართ ახალი სანქციები იყო მთავარი თემა ბრიუსელში სამშაბათს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსი, რომელზეც რუსეთის მიმართ იარაღის ემბარგოს შემოღების ინიციატივით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ახალი სანქციები ითვალისწინებს უკვე არსებული ინდივიდუალური „შავი სიის“ გაზრდას და ასევე რუსეთისათვის შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას. თუმცა სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩების ხუთშაბათის შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

22 ივლისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პასუხისმგელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „იარაღის ემბარგოს დაწესებით ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს მოსკოვს“:

„ყველა დაინტერესებულია იმით, რომ სამომავლოდ დაბალანსებული ზომები იქნეს მიღებული, მაგრამ მსოფლიო შეიცვალა ევროკავშირის წინა კვირის შეხვედრის შემდეგ. გასული სამშაბათის მოვლენებმა შეცვალა საზოგადოების ჩვენთან დაკავშირებული მოლოდინები და ჩვენი შეხვედრა უნდა იყოს მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მოლოდინებს და არ ვაპირებთ გაჩერებას“.

ჩვენ გვსურს ამ მოქმედების შედეგი დავინახოთ და მოვუწოდებთ რუსეთს, თავის მხრივ მოგვცეს იმის გარანტია, რომ სეპარატისტები მართლაც მუშაობენ მონიტორებთან და მუშაობენ იმათთან...
კეტრინ ეშტონი

ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, ტრადიციულად, მონაწილეობს კეტრინ ეშტონი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა, რომ ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა „ცხედრებს სათანადო პატივისცემით მოეპყრან“ და შესწავლილ იქნეს „ყველა ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოდის“.

„ჩვენ გვსურს ამ მოქმედების შედეგი დავინახოთ და მოვუწოდებთ რუსეთს, თავის მხრივ მოგვცეს იმის გარანტია, რომ სეპარატისტები მართლაც მუშაობენ მონიტორებთან და მუშაობენ იმათთან, ვინც ახლა ავარიის ადგილზე გამოძიებას აწარმოებს“.

როგორც ითქვა, ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო რუსეთი, თუმცა მკაცრი საყვედური წილად ხვდა საფრანგეთსაც, რომელიც განაგრძობს რუსეთისათვის შვეულმფრენმზიდ „მისტრალების“ მიწოდებას, ადრე დადებული კონტრაქტის თანახმად. ასე მაგალითად, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრობაუსკაიტემ განაცხადა, რუსეთთან სავაჭრო შეთანხმებებს როდესაც იცავს, ევროკავშირი საფრთხის ქვეშ აყენებს ფასეულობებსო.

რაც უკრაინის აღმოსავლეთით ცაში ხდება, ეს არის აღმოსავლეთუკრაინელი ე. წ. სეპარატისტების თანამედროვე იარაღით განუწყვეტელი მომარაგების შედეგიც და მიზეზიც იქ მიმდინარე ომისა და თვითმფრინავის ჩამოგდებისა...
რადოსლავ შიკორსკი

ის კი არა, აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის დაღუპვას 22 ივლისს შორეულ კანბერაში მყოფი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი აბოტი გამოეხმაურა და განაცხადა, ხდება „მტკიცებულებების ხელოვნური განადგურება“, რაც უნდა აღიკვეთოსო. ტრადიციულად, მკაცრი კრიტიკით იყო გამორჩეული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, რომელმაც ავიაკატასტროფისა და რუსეთის მიერ სეპარატისტების იარაღით მომარაგების მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე გაამახვილა ყურადღება:

„რაც უკრაინის აღმოსავლეთით ცაში ხდება, ეს არის აღმოსავლეთუკრაინელი ე. წ. სეპარატისტების თანამედროვე იარაღით განუწყვეტელი მომარაგების შედეგიც და მიზეზიც იქ მიმდინარე ომისა და თვითმფრინავის ჩამოგდებისა, რაც გამოძიებას საჭიროებს“.

რაკი პოლონეთი ვახსენეთ, აქვე გვერდს ვერ ავუვლით ნატოს წევრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კონფერენციას ვარშავაში, სადაც, სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, კვლავ გაკეთდა განცხადება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ. ასეთი ინიციატივა მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის, პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ წამოაყენა. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, „მოსკოვი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნატოს აღმოსავლეთით სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და გაფართოების მცდელობასო“. რაც შეეხება მალაიზიის კუთვნილი ავიაკატასტროფის გამოძიებას, პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთი ყველანაირ გავლენას გამოიყენებს შეიარაღებულ სეპარატისტებზე, რათა საერთაშორისო ექსპერტებმა შეძლონ გამოძიების ჩატარება ავიაკატასტროფის ადგილზე.

ამ ფონზე ევროკავშირმა ხუთშაბათისთვის გადადო რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესება. როგორც კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანც ტიმერმანსმა, მინისტრები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე, რაც, უკვე არსებული

ინდივიდუალური „შავი სიის“ გაზრდის გარდა, რუსეთისათვის შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებასაც ითვალისწინებს. თუმცა სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩების ხუთშაბათის შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG