Accessibility links

logo-print

ბაქრაძე: წინა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის


საპარალამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამით ახალ ეტაპზე გადადის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და დევნა. „ამით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამთლიანების მაგივრად მოიტანს მეტ დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას“ -განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა - „საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომლის წინააღმდეგ მას დაჟინებით აფრთხილებდნენ ჩვენი მოკავშირეები, დგამს ნაბიჯს, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა აშშ და ევროკავშირი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ მთავარი მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს – იქ, სადაც არის რუსეთი". თბილისის საქალაქო სასამართლომ წუხელ გვიან ღამით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. სააკაშვილთან ერთად, დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს 28 ივლისს წაუყენა ბრალი 2007 წელს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში.

XS
SM
MD
LG