Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო გამორიცხავს შავი ბაზრის სტიმულირებას


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ 1 სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილის რეცეპტით გაყიდვა შავი ბაზრის სტიმულირებას გამოიწვევს. "არ არსებობს არანაირი ტრაგედია. ტრაგედია ის არის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა ექიმისადმი ნდობა და მიიჩნევს, რომ თვითონ შეუძლია თავს მოუაროს. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტეს დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ექიმის დანიშნულების გარეშე ზოგიერთი პრეპარატის დამოუკიდებლად მიღება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმთან მისვლა შეუზღუდავია და უფინანსდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. რაც შეეხება მედიკამენტების შესაძლო გაძვირებას, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გაძლიერებული მღელვარება გამოიწვია ზოგიერთი აფთიაქისგან მიღებულმა ელექტრონულმა შეტყობინებამ, რომ 1 სექტემბრიდან რეცეპტი აუცილებელი იქნება და მედიკამენტები უნდა მოიმარაგონ. „გარწმუნებთ, რომ არც ამ კუთხით არსებობს პანიკის არავითარი საფუძველი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, რეცეპტის გარეშე, თავისუფლად გაიყიდება ასობით დასახელების მედიკამენტი, მათ შორის ტემპერატურის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კუჭნაწლავისა და ანტიალერგიული პრეპარატები.

XS
SM
MD
LG