Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა უპილოტო თვითმფრინავების იერიშს


პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, რვა სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. ინციდენტი მოხდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად. ოფიციალური პირების ცნობით, 24 სექტემბერს მოწყობილი საჰაერო იერიშები მიმართული იყო შენობების კომპლექსის, ასევე ავტომანქანის წინააღმდეგ ქალაქ დატა ხელში. პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებს, რომლებსაც ცენტრალური მთავრობა მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს, უკვე წლებია, თავს აფარებენ ისლამისტი ექსტრემისტები, მათ შორის ალ ყაიდისა და ადგილობრივი თალიბანის წევრები, ისევე როგორც უცხოელი მებრძოლები, მათ შორის უზბეკები და უიღურები. პაკისტანის სამხედრო ძალებმა წელს ივნისში დაიწყეს ოპერაცია ამ რეგიონში. არმიის მონაცემებით, დახოცილია 1000-ზე მეტი ექსტრემისტი, თუმცა, ამ ინფორმაციას ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები.

XS
SM
MD
LG