Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში შეხვდა უილიამ ბერნსს და ვიქტორია ნულანდს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ნიუ-იორკში მიიღო მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსისა, და ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარება, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები და ევროკავშირთან მათი თანამშრომლობის საკითხები. ნიუ-იორკში მაია ფანჯიკიძე შეხვდა ევრაზიისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდსაც, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობით და დოკუმენტის ეკონომიკური ნაწილის ამოქმედებით დაინტერესდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას განიხილებოდა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც და რეგიონული უსაფრთხოების და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

XS
SM
MD
LG