Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას


საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის უმძიმეს დარტყმაში დაადანაშაულა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. "გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის წყალში გადაყრა“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში. ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "თვითგამორკვევა" კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რუსეთს ოკუპაციისა და სხვა დანაშაულის პასუხისმგებლობისაგან და გზას ხსნის აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისკენ. სააკაშვილის შეფასებით, ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ თანამემამულეს. მიხეილ სააკაშვილის კომენტარი მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტზე. გასულ საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება პირველ ყოვლისა იქნება საფრთხის შემცველი აფხაზების, როგორც ქართველებისთვის ძვირფასი ერისთვის. „არ მინდა დავიჯერო, რომ სწორედ ამისკენ მიისწრაფვის აფხაზი ერი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან, ასე ვთქვათ, ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის“, - განაცხადა 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG