Accessibility links

logo-print

ბაჩანა ახალაიას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა


7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ახალაია წამების მუხლით ცნო დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა. ამასთან, მან ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხებოდა. წამების მუხლით ახალაიას გარდა 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას. ბრალდების მხარის განცხადებით, ახალაიამ და ქარდავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს პატიმრებს, რომელთა გაქცევის ორგანიზებას, დაცვის მხარის მტკიცებით, გეგმავდნენ ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული პირები. ამავე საქმის განხილვის შედეგად მოსამართლემ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო კიდევ 2 ბრალდებული, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი და თითოეულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG