Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: კიევი „მტკიცედ უერთგულებს“ სამშვიდობო გეგმას


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ კიევი კვლავაც „მტკიცედ უერთგულებს“ ქვეყნის აღმოსავლეთისთვის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, მიუხედავად კამათის საგნად ქცეული არჩევნებისა, რომელიც პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ჩაატარეს. პოროშენკო ამ განცხადებთ გამოვიდა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ. უფრო ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგანკისა და დონეცკის რეგიონების სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ მონაკვეთებში 2 ნოემბერს ჩატარებულმა არჩევნებმა დაარღვია მინსკში 5 სექტემბერს მიღწეული საზავო შეთანხმების პირობები. ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აღიარებს სეპარატისტების მიერ ჩატარებულ „ფსევდო“ არჩევნებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ბერნადეტ მიჰანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ცდილობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მანამდე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლადარჩეულ ლიდერებს ახლა უკვე აქვთ საიმისო მანდატი, რომ კიევთან მოლაპარაკება გამართონ.

XS
SM
MD
LG