Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობა ანექსიის ბოლომდე მიყვანის მცდელობად აფასებს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულებას


რუსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ ანექსიის ბოლომდე მიყვანის მცდელობად აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის შეფასებით, მკაფიო საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა და ხელშეკრულების ხელმოწერას მოუმზადებელი შეხვდა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანექსიის პროცესს საქართველო კონკრეტული ნაბიჯებით უნდა დაუპირისპირდეს. ბაქრაძემ ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად დაასახელა ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, საქართველო დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს, რათა ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსია, დაუყოვნებლივ მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და აამოქმედოს ყველა სხვა საერთაშორისო ბერკეტი და გააუქმოს ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს მოუწოდებს, რომ რეზოლუციის პროექტი ამ კვირაში დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG