Accessibility links

რუსეთში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსხვილმა იმპორტიორებმა შეაჩერეს გაყიდვები


რუსეთში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მსხვილმა გამყიდველებმა რუბლის დევალვაციის გამო შეაჩერეს ბაზარზე საქონლის გატანა. გაზეთი „ვედომოსტი“ წერს, რომ სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერეს ბაზრის ლიდერმა - ესპანურმა კონცერნმა „ინდიტექსმა“, რომელიც ფლობს Zara-ს, Oysho-სა და Bershka-ს, აგრეთვე „BNS Group”-მა, რომელიც რუსეთში Calvin Klein-ის, Armani Jeans-ის, Michael Kors-ისა და TopShop-ის ქსელებს ფლობს. “BNS Group”-ის გენერალურმა დირექტორმა დენის ბოგატირიოვმა განაცხადა, რომ კომპანიამ პაუზა აიღო მიმდინარე წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის პირველი კვირის ჩათვლით. ტანსაცმლის ერთ-ერთი ფედერალური ქსელის მაღლი რანგის მენეჯერმა განმარტა, რომ კომპანიები ჯერჯერობით არ ცვლიან რუბლს სხვა ვალუტაზე და აყოვნებენ შეკვეთებისა და მიწოდების გადახდებს. იმავე რესპონდენტის თანახმად, რუბლის ახლანდელი კურსის გამო, გამყიდველ კომპანიებს, შესაძლოა, ახალი კოლექციების შესაძენი ფული არ დარჩეთ. გარკვეული პრობლემები წარმოიშობა იჯარის გადახდაშიც. კომპანიები იჯარის გაზაფხულამდე გადავადებასაც ითხოვენ. მანამდე ამერიკულმა საავტომობილო კონცერნმა „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთის დილერებს ვერ მიაწვდის თავის ავტომანქანებს რუბლის კურსის არასტაბილურობის გამო. რუსეთში მდებარე „ჯენერალ მოტორსის“ ქარხნებში გრძელდება წარმოება. რუბლის კურსის ვარდნის გამო, მაღაზიებსა და რესტორნებში პროდუქციის შეტანა შეაჩერა რუსეთში ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა Simple-მა. საქონლის მიწოდების განახლება დამოკიდებული იქნება სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. არ გამორიცხავენ, რომ პროდუქციის ქსელში გავრცელება წინასწარი გადახდის საფუძველზე მოხდება.

XS
SM
MD
LG