Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრის მოადგილე კრიტიკის გამომწვევ განცხადებაზე: „ეს იყო შეცდომა“


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შეცდომა“ უწოდა განცხადებას, რომლითაც სამინისტრო 20 დეკემბერს გამოეხმაურა უკრაინაში ქართველი მოხალისის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა წინა ხელისუფლებას. ღირსიაშვილის თქმით, „ტექნიკური მიზეზების გამო“ განცხადება მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა. „ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას“ - განაცხადა ღირსიაშვილმა. მანამდე, პრემიერ-მინისტრის, მმართველი გუნდის სხვა წევრების, ოპოზიციის თუ საზოგადოების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის ფონზე თავდაცვის სამინისტრომ ვებსაიტიდან და ფეისბუქის გვერდიდან ეს განცხადება წაშალა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს ასეთ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს. ვებსაიტიდან 21 დეკემბერს წაშლილი განცხადება თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში უწყება გრიგოლაშვილის დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებდა „არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“. გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და, როგორც იუწყებიან, ხელმძღვანელობდა სადაზვერვო ქვედანაყოფს.

XS
SM
MD
LG