Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სისხლიანი მიწები“


არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამიმ“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, იელის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოთი სნაიდერის წიგნი „სისხლიანი მიწები - ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“, რომელშიც გამოკვლეული და გაანალიზებულია ევროპის ისტორიის ის ოცწლიანი პერიოდი, რომელმაც თოთხმეტი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები და ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციების დროს. ლაპარაკია ბალტიის ქვეყნების, ბელორუსიის, უკრაინის, პოლონეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.

„ახლა ხომ გადავრჩებით“, - ასე ამბობდა პატარა ბიჭუნა, როცა გზისპირს მიუყვებოდა, თუმცა საჭმელი, რომელსაც ის მისჩერებოდა, მხოლოდ მოლანდება იყო. 1933 წელი იდგა და სტალინი განგებ აშიმშილებდა საბჭოთა უკრაინას. პატარა ბიჭი მოკვდა, ისევე როგორც სამ მილიონზე მეტი სხვა ადამიანი. „მე მას მიწაში შევხვდები“, - თქვა ახალგაზრდა საბჭოელმა კაცმა თავის ცოლზე და მართალი აღმოჩნდა: ორივეს ესროლეს და ორივენი ერთად დაიმარხნენ სტალინის „დიდი ტერორის“ შვიდასი ათას მსხვერპლს შორის. „მათ ჩემი საქორწინო ბეჭედი მომთხოვეს, რომელიც მე...“ - ამ პოლონელ ოფიცერს წერა გააწყვეტინეს და იქვე მოკლეს საბჭოთა საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლებმა 1940 წელს. ის იყო ერთ-ერთი იმ ორასი ათას პოლონელს შორის, რომლებიც საბჭოელებმა და გერმანელებმა დახოცეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, როცა ერთობლივად დაიკავეს პოლონეთი.

ავტორის მთავარი აზრი, რომლის გადმოცემასაც ცდილობს, არის ის, რომ ამ ორი ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების ხარისხს ჩვენ თუ ვერ აღვიქვამთ ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა, გამოდის, რომ ჰიტლერი და სტალინი არა მარტო თავის დროში მანიპულირებდნენ, არამედ დღესაც აქვთ ჩვენზე გავლენა...
გიორგი გურეშიძე

1942 წელს 12 წლის ებრაელმა გოგონამ ბოლო წერილი მისწერა მამას: „გემშვიდობები, სანამ მოვკვდები. ძალიან მეშინია ასეთი სიკვდილის, იმიტომ რომ პატარა ბავშვებს საერთო საფლავებში ცოცხლად ყრიან“. ეს გოგონა იყო ერთ-ერთი იმ ხუთ მილიონზე მეტ ებრაელს შორის, რომლებიც გერმანელებმა დახოცეს მეორე მსოფლიო ომის დროს“ - ასეთი არამშრალი, სულის შეძვრამდე საზარელი სახის სტატისტიკით იწყება ტიმოთი სნაიდერის 700-გვერდიანი წიგნი, რომლის მთარგმნელის, გიორგი გურეშიძის თქმით, სტატისტიკისადმი სწორედ ამგვარი რევოლუციური მიდგომა - ისტორია, როგორც ინდივიდუალური ისტორიების კრებული და არა სტატისტიკა - გამოარჩევს ავტორს და საინტერესოდ წასაკითხს ხდის ვრცელ სამეცნიერო გამოკვლევას:

„ანუ ის ძალიან ხშირად იყენებს სხვადასხვა ადამიანის ინდივიდუალურ ისტორიას ჩანაწერებიდან, არქივებიდან, თვითმხილველების მონაყოლიდან და ა.შ. ის ცდილობს გადმოსცეს არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ პიროვნული ისტორიები იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანებისა, თუმცა ამ პირად ისტორიებს აჯერებს პოლიტიკურ და ისტორიულ მსჯელობებთან. და ავტორის მთავარი აზრი, რომლის გადმოცემასაც ცდილობს, არის ის, რომ ამ ორი ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების ხარისხს ჩვენ თუ ვერ აღვიქვამთ ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა, გამოდის, რომ ჰიტლერი და სტალინი არა მარტო თავის დროში მანიპულირებდნენ, არამედ დღესაც აქვთ ჩვენზე გავლენა“.

„აღმოსავლეთი ევროპა 1914 წლის შემდეგ“ - ასე ჰქვია კურსს, რომელსაც გიორგი გურეშიძეს პროფესორი ტიმოთი სნაიდერი იელის უნივერსიტეტში უკითხავდა და რომლის ფარგლებშიც მოუწია „სისხლიანი მიწების“ წაკითხვა.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ცენტრალურ ევროპაში ნაცისტურმა და საბჭოთა რეჟიმებმა დაახლოებით 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ადგილი, სადაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, ვრცელდება ცენტრალური პოლონეთიდან დასავლეთ რუსეთამდე, უკრაინის, ბელორუსიისა და ბალტიის ქვეყნების ჩათვლით. არნახული მასობრივი ძალადობა და საშინელება დაატყდა თავს ამ რეგიონს ნაციონალ-სოციალიზმისა და სტალინიზმის გამყარების დროს, თუმცა, როგორც გიორგი გურეშიძე ამბობს, ტიმოთი სნაიდერი თავს არიდებს ამ ორი ტოტალიტარული სისტემის უხეშ შედარებას და არ აკეთებს დასკვნას, თუ რომელმა ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული.

გიორგი გურეშიძე
გიორგი გურეშიძე

„ტიმოთი სნაიდერი გვანახვებს, თუ როგორ დაიტანჯნენ ეს ქვეყნები (ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი), რომლებშიც მილიონობით ადამიანი დაიჩაგრა და განადგურდა უსაფუძვლოდ. ამასთან, ზედსართავი სახელებით არ ამკობს სტალინსა და ჰიტლერს, თუმცა თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ რა მოიტანა მათმა პოლიტიკამ და მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ამის შემდეგ კი თითქოს მკითხველს უტოვებს იმის საშუალებას, თავად გადაწყვიტოს როგორი იყო ესა თუ ის რეჟიმი“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გურეშიძემ, რომლის თქმითაც, „სისხლიანი მიწების“ ქართულად თარგმნა მრავალი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი, თუმცა თვალშისაცემია ის გარემოება, რომ საქართველოში სტალინს, როგორც ფაშიზმის მძლეველს, საზოგადოების ნაწილი დღემდე წმინდანად მიიჩნევს და ძეგლებს უდგამს. გარდა ამისა, როგორც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი და პროექტის კოორდინატორი მალხაზ სალდაძე ამბობს, ტიმოთი სნაიდერის წიგნი წარმოაჩენს იმ ქვეყნის აქამდე უცნობ ისტორიას, რომლის ნაწილიც იყო საქართველო:

„საქართველოში საბჭოთა კვლევები პრაქტიკულად ჩანასახოვან მდგომარეობაშია. შესაბამისად, ჩვენთვის ამ სიცარიელის შევსების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ცოდნის გადმოტანა, რომელიც იქმნება დასავლეთში და რომელიც მეთოდოლოგიურად ჩვენთვის ასევე უცხო ხილია, რადგანაც ჩვენ მიჩვეული ვართ ისტორიას, ცოტა ფორმალური გაგებით, მით უმეტეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა და ფორმალური ცოდნა, რომელიც გაგვაჩნია, არის სელექციური. ბევრი რამ ჩვენთვის უცნობია, ამიტომ შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ჩვენი უახლოესი წარსული ჩვენთვის კარგად ნაცნობი არ არის. შესაბამისად, მსგავსი ლიტერატურის შემოტანა, თარგმნა, დანერგვა აკადემიურ წრეებში, ფართო მკითხველისთვის მიწოდება, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეს ახდის ფარდას, მოიტანს გრძელვადიან შედეგს: ადამიანები შეიტყობენ, რა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და საით მიდიან“.​

მალხაზ სალდაძე
მალხაზ სალდაძე

მალხაზ სალდაძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ლიტერატურის თარგმნა და დანერგვა როგორც აკადემიურ, ასევე მკითხველთა ფართო წრეებში დაეხმარება საზოგადოებას მოძებნოს პასუხი კითხვებზე - სადაა საქართველოს ადგილი თანადროულ ეპოქაში, რის ნაწილი იყო წარსულში და სად უნდა იყოს მომავალში. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის აზრით კი, ტიმოთი სნაიდერის წიგნი კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიწეროს 21-ე საუკუნეში ისტორია და არა ნაციონალური ნარატივი, როგორც ჩვენთან დღემდე არის მიღებული, როცა არასასიამოვნო, პრობლემური ელემენტების გამოტოვება ხდება ისტორიიდან:

„გარდა ამისა, ვისაც აინტერესებს უკრაინის დღევანდელი ამბები, ვისაც აინტერესებს ისტორიული ფონი უკრაინის ამბებისა, ტიმოთი სნაიდერი არის ის ადამიანი, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავი ლექცია აქვს ამასთან დაკავშირებით წაკითხული და ბევრი სტატია აქვს დაწერილი. ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომპეტენტური სპეციალისტია. სულ ცოტა ხნის წინ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნდა მისი სტატია, თუ როგორ უნდა პუტინს რეაბილიტაცია ჰიტლერ-სტალინის პაქტისა, რომელიც, ფაქტობრივად, იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი“.

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე წიგნის წინასიტყვაობაში ამბობს, რომ ის, რაც უკრაინაში დღეს ხდება, არის, ნაწილობრივ მაინც, შედეგი სწორედ იმ ხელოვნურად გამოწვეული დიდი შიმშილისა (ჰოლოდომორ), რომელიც უკრაინელ ხალხს მიზანმიმართულად თავს დაატეხა სტალინმა. ფრაგმენტი ტიმოთი სნაიდერის წინიდან „სისხლიანი მიწები“:

„ბავშვებს გასიებული მუცლები ჰქონდათ, იარებითა და ფუფხებით სავსე; ერთი სიტყვით, ტანი გასკდომაზე ჰქონდათ. ჩვენ ისინი გარეთ გაგვყავდა, ზეწრებზე ვსამდით. გაუთავებლად ტიროდნენ ხოლმე. ერთ დღეს ბავშვები უცნაურად გაჩუმდნენ. გამოვხედეთ და დავინახეთ, რომ ყველაზე პატარას, პეტრუსს, ჭამდნენ; კანს აძრობდნენ და ჭამდნენ. პეტრუსიც იმასვე აკეთებდა - თავის თავს აცლიდა კანს და ჭამდა, რამდენიც შეეძლო, იმდენს. სხვა ბავშვებმა მის ჭრილობებს პირი მიადეს და სისხლის წოვა დაიწყეს. ჩვენ სასწრაფოდ გამოვაცალეთ პეტრუსი დამშეულ ბავშვებს და მთელი დღე ვტიროდით”.

„სისხლიან მიწებზე“ საუბრისას ბლოგერი შოთა ხინჩაგაშვილი ამბობს, რომ ტიმოთი სნაიდერი თავისი უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნით ცდილობს, ჰოლოკოსტის ხსოვნის ფონზე, წინ წამოსწიოს საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის არანაკლები სისასტიკე, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთებულია უკრაინაში ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილზე, ჰოლოდომორზე, რომელიც თვალსაჩინოდაა აღწერილი სტატისტიკური მონაცემების, დოკუმენტური მასალებისა და თვითმხილველთა მონათხრობის მოშველიებით.​

შოთა ხინჩაგაშვილი
შოთა ხინჩაგაშვილი

„საკმაოდ მძიმე ფაქტები, რიცხვები და ვითარებაა ასახული, თუ რას აკეთებდნენ კომუნისტები და რამდენად უცნობია ის საინფორმაციო ველი, რომელშიც იმყოფება აღმოსავლეთ ევროპის მეხსიერება და რომელიც აბსოლუტურად უცნობია როგორც დასავლეთევროპელებისთვის, ასევე, როგორც ჩანს, ჩვენთვისაც. წიგნი არა მარტო ფაქტობრივადაა კომპეტენტური, როგორც ისტორიკოსის მონათხრობი, არამედ, ჩემი აზრით, მორალურადაც საკმაოდ გამართულია: გატოლებულია და ძალიან სწორად არის შეფასებული ის, თუ როგორ უნდა შევადაროთ გერმანული და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ერთმანეთს და როგორი უნდა იყოს ჩვენი მეხსიერება დღეს“, უთხრა შოთა ხინჩაგაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკური კუთხით, ტოტალიტარული სისტემების - ამ შემთხვევაში ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის - შედარება სრულიად რელევანტურად მიაჩნია ისტორიკოს გრიგოლ გეგელიასაც, რომლის თქმითაც, შესაძლებელია განსხვავებული იყოს კონტექსტები, მაგრამ არსი ნებისმიერი ავტორიტარიზმისა ერთი და იგივეა:

გრიგოლ გეგელია
გრიგოლ გეგელია

„ეს არის პოლიტიკური თავისუფლების გაუქმება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის არც ერთი უფლება, სიცოცხლე და კეთილდღეობა არაა დაცული. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ჯერ კიდევ გვხვდება მისწრაფება ტოტალიტარიზმისკენ, იქნება ეს მარცხნიდან, მარჯვნიდან თუ ზოგადად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი და მეტი ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ავტორიტარიზმი. დიქტატურა ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ავტორიტარიზმი იღებს, მაგრამ ავტორიტარიზმი, ცხადია, უფრო ფართო ფენომენია, რომელსაც ბევრი გამოვლინება აქვს, რასაც უნდა ვებრძოლოთ თითოეული ჩვენგანი ყოველდღე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა დღევანდელ საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ფართოდ გავრცელდება და ძალიან ბევრი ადამიანი წაიკითხავს მას და გადადგამს ნაბიჯს ამ საკითხის მეცნიერული და ისტორიული გადაჭრისკენ“.

„სისხლიანი მიწები“ გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამიმ“, რომელიც ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რათა ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ ნაშრომებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და ჩაებას მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში, მოცემულ შემთხვევაში კი, შეიტყოს რა ხდებოდა ორი დიდი იმპერიის შეჯახების ზონაში, როცა თხრობა არ წარმოებს ერთი ძალაუფლებითი ცენტრის პერსპექტივიდან. „სისხლიანი მიწების“ მთარგმნელ გიორგი გურეშიძის თქმით, ტიმოთი სნაიდერის ნაშრომი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გვეხმარება შეველიოთ ისტორიის მითიურ წარმოსახვებს და დავსვათ საკვანძო კითხვები: რანაირად, რის ხარჯზე მოვაღწიეთ აქამდე? რა შეიძლება ვისწავლოთ ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთიდან? და, რაც მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიდევ დიდხანს გავიტანოთ თავი ამ მუდმივად ცვალებად მსოფლიოში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG