Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება პრინციპულია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება პრინციპული ისეთ საკითხებში, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაგეგმილ ამავე ტიპის დოკუმენტის გაფორმებას გამოეხმაურა. "რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებულად ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს არის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ეს ცუდად აისახება რეგიონში და ჩვენს ურთიერთობებში. ამასთან ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 % ის დაკარგვა წინა ხელისუფლების „გაუაზრებელმა პოლიტიკამ“ განაპირობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი მანამდე არ ჩათვლის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოპონენტებად, ვიდრე ის ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.

XS
SM
MD
LG