Accessibility links

მართლმადიდებლების ნაწილი ქრისტეს შობას ზეიმობს


7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის საქართველოში. ათასობით ადამიანს შორის, ვინც წუხელ ეკლესიებში შეხვდა ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად შობის დღესასწაულს შეხვდა დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. ხოლო საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ საშობაო ლიტურგიას. დღისით შობის ზეიმი საქართველოში გრძელდება ტრადიციული ალილოთი - შობის მახარობელთა სადღესასწაულო მსვლელობით. შობას ზეიმობენ სერბიაში, უკრიანაში, რუსეთშიც. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შობას შეხვდა სამხრეთ რუსეთში, ვორონეჟის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაში. რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, მართლმადიდებლებმა ორი კვირის წინ, 25 დეკემბერს აღნიშნეს ქრისტეს შობა.

XS
SM
MD
LG